საწვავსა და სასუქებზე ფასების მატება მოსავლის თვითღირებულებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება, რაც ისედაც დაბალი საბაზრო ფასების ფონზე, სექტორისთვის დიდ წნეხს წარმოადგენს - ამის შესახებ BMG-სთან „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს.
მისი თქმით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებას საშუალოდ 120-დან 150 ლიტრამდე დიზელი სჭირდება.
„პირობითად რომ ვთქვათ, თუ საწვავის ფასი საშუალოდ, ერთი ლარით არის გაზრდილი, ეს, ერთი კილოგრამი მარცვლეულის თვითღირებულებას დაახლოებით, 5-6 თეთრით გააძვირებს, იმ საშუალო მოსავლიანობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს“, - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე BMG-სთან.
მისივე თქმით, საწვავის პარალელურად, გაძვირებულია სასუქებიც - ადგილობრივ ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასმა ერთ ტონაზე დაახლოებით 200 ლარით მოიმატა. რაც შეეხება ფოსფოროვან და კალიუმიან სასუქებს, საქართველო სრულად იმპორტზეა დამოკიდებული.
ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, მიწოდების დეფიციტი ამ ეტაპზე არ იგრძნობა, თუმცა, გლობალური პროცესები - გაძვირებული და გართულებული ლოგისტიკა ფასებზე გავლენას ახდენს.
„სასუქების წილი პროდუქციის საბოლოო ღირებულებაში საკმაოდ დიდია და 15%-დან 30%-მდე მერყეობს, ზოგ შემთხვევაში კი 50%-საც აღწევს. ნებისმიერი გაძვირება ისევ ფერმერზე აისახება, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას ართულებს“, - ამბობს ბენიაიძე.
მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, ხორბლის მწარმოებლები ბაზარს ოპტიმისტურად უყურებენ. ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, წელს ნალექიანი გაზაფხულია, რაც კარგი მოსავლის წინაპირობაა. ახალი მოსავლის აღებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება და ფერმერები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი მარცვლეული იმპორტირებულთან შედარებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.




























