მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუბარია რეგიონზე, რომელიც გეოლოგიურად ბოლომდე ცნობილი არაა“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე

6410b9cf94246
თამთა ჯიჯავაძე
14.03.23 23:40
7600
ძირულას რეგიონი ურთულესი გეოლოგიური მოვლენების მქონე რეგიონია, ამიტომ იქ რაიმეს მშენებლობა წინასწარი შესწავლის და კვლევის გარეშე დაუშვებელია - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა და რიკოთის მშენებარე ერთ-ერთ მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ინციდენტის ადგილას კვლევა რომ ჩატარებული ყოფილიყო, მათ ეცოდინებოდათ, რომ ფერდის ჩამოშლის საფრთხე იქნებოდა.

„ეს არ არის მარტივი გეოლოგიის მქონე რეგიონი. ურთულესი გეოლოგიის მქონე რეგიონში ყველგან ყველაფრის ამოშენება არ შეიძლება. თუ კვლევას არ ატარებთ, მით უმეტეს. საუბარია ძირულას რეგიონზე, სადაც ბოლომდე არც არის ცნობილი, რა გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ეს არის მეწყრული, წყალგაჯერებული რეგიონი.

თანამედროვე ტექნიკურ ინჟინერიაში არსებობს ფერდის სტაბილურობა, რომელიც დიდი კვლევის საგანია. რიკოთზე ვიცით, რომ ამდენი მთაა, მთათა წარმოშობის პროცესი ტექტონიკასთან არის დაკავშირებული. სამუშაოებს ჩინელი აწარმოებს თუ თურქი, მათ გეოლოგიური კვლევის ჩატარება უნდა დაევალოთ. იქ რომ ჩატარებული ყოფილიყო კვლევა, ფერდი არ ჩამოიშლებოდა.

ვიმეორებ, ეს არის ურთულესი რეგიონი, დღემდე ბოლომდე არ ვიცით რა ტექტონიკური ერთეულებია იქ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჩვენ მოვლენიდან მოვლენამდე ვცხოვრობთ. საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და ქვეყნის სტაბილურობაზე“, - აღნიშნა თეა გოდოლაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ 13 მარტს, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე გზის სექცია ჩამოიშალა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ ამ მონაკვეთის ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აშენებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად ჩამოშლილი ფერდის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განახლდება. უწყების ცნობით, სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმაც. მისი თქმით, აღნიშნული ფერდის გამაგრება და დატერასება სამშენებლო პროექტით იყო გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები