მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

643294b8d62db
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.23 14:32
701
სტატიაში საუბარია:
გთავაზობთ გასული კვირის 3-9 აპრილის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს: 

1) აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა

5 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო რეფორმის გატარება საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტში შედის. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


2) საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის სანქციებზე:

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირებასთან დაკავშირებით, სწორი მაგრამ დაგვიანებული ნაბიჯია.

“დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელია. გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და გამჭვირვალე მომავალზე”, - წერს ჯიმ რიში.

ცნობილი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა EPRC-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ნინო ევგენიძესთან ერთად ჟურნალ Foreign Affairs-ში სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და მისი ევროპელი პარტნიორების ინტერესში უნდა იყოს არ დაუშვან საქართველოს რუსულ ბანაკთან დაახლოება. ამასთან, გონივრულად უნდა იქნეს შერჩეული ის საპასუხო ზომები, რომლებიც დასავლეთმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უნდა გაატაროს. ფრენსის ფუკუიამას შეფასებით, არსებულ ვითარებაში აშშ-მა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება უნდა განიხილონ.

"ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსამართლეთათვის დაწესებული სანქციები საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოღვიძების მომენტი უნდა იყოს. “ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას”, - აღნიშნავს ფრიდი.

“სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში“, - ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ლუკ კოფი და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამის „მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადადგას“.


3) საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სავალუტო რეზერვების შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების ზომამ 5,003,000,000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეზერვები 973 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი.

რეზერვების მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში სავალუტო ბაზრიდან აშშ დოლარის შესყიდვაა. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა Bmatch პლატფორმით 241 მილიონი დოლარი შეისყიდა, გასულ წელს კი 578 მილიონი დოლარი იყო ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


4) ორი ქართველი მილიარდერი Forbes-ის სიაში

Forbes-მა 2023 წლის მილიარდერების სია განაახლა. მასში საქართველოს კვლავ ორი მოქალაქე არის მოხსენიებული. 100 მილიონი დოლარით არის გაზრდილი ბიძინა ივანიშვილის ქონება და ის ახალი შეფასებით, 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ექს-პრემიერი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.

გაცილებით უფრო მეტად, 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა ყაზახური ბანკის Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება, რაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ის აქციების ღირებულების ზრდას უკავშირდება. განახლებული შეფასებით, ლომთაძის ქონება 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითიც ის მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


5) პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და თბილისში შავი ზღვის კაბელის სამთავრობოთაშორისი შეხვედრა

7 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნიათ დიდი პოტენციალი ევროკავშირს მიაწოდონ განახლებადი ენერგია.

6 აპრილს კი შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით თბილისში საქართველოს; აზერბაიჯანის; რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე ევროკავშირის ელჩი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ესწრებოდნენ.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


6) CFD აუქციონზე 900 მეგავატის სიმძლავრის ენერგიის შესყიდვის განაცხადები შევიდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის CFD აუქციონის პირველადი შედეგების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. უწყების თანახმად, მათთან სულ 78 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 900 მეგავატს შეადგენს. სამინისტრომ ამ წინადადებებიდან საუკეთესო ფასის მქონე განაცხადები უნდა აირჩიოს ისე, რომ 300 მეგავატის სიმძლავრეზე გაფორმდეს ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


7) პურის ფასი შემცირდება - პრემიერის და ასოციაციის განცხადება

„10 აპრილიდან გადაწყვეტილია, რომ მწარმოებლები ქვის პურს, იგივე სოციალური პურის ფასს 10 თეთრით შეამცირებენ“, - ეს განცხადება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქმე ის არის, რომ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება, პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს. პურის გაიაფების მოლოდინი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათის და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას გამოთქვა

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


8) ბილაინმა რებრენდინგის შესახებ განაცხადა - მობილურ ოპერატორს ახლა “სელფი” ეწოდება:

"ბილაინმა" 5 აპრილს რებრენდინგის შესახებ განაცხადა - კომპანია "სელფის" სახელით გააგრძელებს ოპერირებას. მობილური ოპერატორი დღეისთვის 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება. "ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,"- განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


9) რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

გასული კვირის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ჰქონდა ჰქონდა დროებით შეჩერებული. მოძრაობა ეტაპობრივად, 8 აპრილიდან გაიხსნა. “მეწყრული უბანი მდებარეობს არა ახალ აშენებულ, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს, მთის ფერდზე, რომელზე დაკვირვების შედეგადაც, გამოვლინდა ბზარების ზრდის ტენდენცია,”- ნათქვამი იყო უწყების განცხადებაში.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


10) ახალი დეპუტატები პარლამენტში

4 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე "ქართული ოცნების" მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ნაცვლად ადგილმონაცვლეებს უყარა კენჭი. გიორგი ამილახვარი გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, ირაკლი კოვზანაძე - თენგიზ შარმანაშვილმა, გიორგი ხელაშვილი - მერაბ ქვარაიამ, ნინო იობაშვილი - სალომე ქურასბედიანმა, ვლადიმერ ჩაჩიბაია - ირაკლი კირცხალიამ. აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარი განათლების და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა, კოვზანაძემ დამოუკიდებელი საქმიანობა გააგრძელა, გიორგი ხელაიამ პარლამენტის აპარატში გადაინაცვლა, ხოლო ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერის მრჩევლებად დაინიშნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები