მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Saudi Aramco – მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის და უმდიდრესი ადამიანის ისტორია

64195ffb55608
გიორგი თოლორდავა
21.03.23 14:41
2160
161 მილიარდი დოლარი - ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც სამეწარმეო კომპანიას ერთი წლის განმავლობაში წმინდა მოგების სახით მიუღია. აღნიშნული რეკორდი არაბულ გიგანტს, Saudi Aramco-ს ეკუთვნის, რომელიც თავის მასშტაბებითა და გავლენით პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიადაც შეიძლება ჩაითვალოს.

Saudi Aramco დაახლოებით 650 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს, მათ შორისაა, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სანაპირო და საზღვაო ნავთობის საბადოები. საერთო ჯამში, კომპანია 270 მილიარდი ბარელის მოცულობის ბუნებრივ რეზერვებს აკონტროლებს. არაბულ გიგანტს არაერთი ანტირეკორდიც ეკუთვნის, მაგალითად, 1965 წლიდან მოყოლებული, ნახშირბადის ემისიების გლობალურ რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს, ანუ Aramco უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კომპანია.

2022 წელს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრად გაძვირების ფონზე, კომპანიამ 552 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. საოპერაციო მოგებამ $303 მილიარდი შეადგინა, წმინდა მოგება კი 161 მილიარდი დოლარი იყო, ცხადია, ეს მონაცემებიც რეკორდულია და მსგავსი შედეგი სხვა არცერთ კომპანიას არასოდეს ჰქონია.

მსგავსი პორტფელის მქონე კომპანია, ბუნებრივია, რომ ბირჟაზე საკმაოდ ძვირადაც ფასობს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს, რა თქმა უნდა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების, Apple-ისა და Microsoft-ის შემდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს Aramco გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილსაც იკავებდა და მისი კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს აღწევდა, რაც ბირჟაზე ნავთობის მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული.

უმსხვილესი კომპანიების გლობალურ რეიტინგში წარმოდგენილი კომპანიებისგან განსხვავებით, Aramco არ არის საჯარო კომპანია და არაბულ საფონდო ბირჟაზე მისი აქციების მხოლოდ 2%-ია განთავსებული; კომპანიის 94%-იან წილს საუდის არაბეთის მთავრობა და სამეფო ოჯახი აკონტროლებს, რაც Aramco-ს მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიად აქცევს.

Aramco არ არის კლასიკური გაგებით კომპანია, იგი გარკვეულწილად საუდის არაბეთის ეკონომიკაა. ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების 87% ენერგორესურსების რეალიზაციაზე ნაწილდება; უშუალოდ Aramco-ს საქმიანობაზე კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 45% მოდის, რაც ყველანაირი თვალსაზრისით კოლოსალური მაჩვენებელია.

საუდის არაბეთში არსებული აბსოლუტური მონარქიის პირობებში, თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ Aramco-ს რეალური და ერთპიროვნული მფლობელი არა უშუალოდ სახელმწიფო და მისი მოსახლეობა, არამედ საუდების სამეფო დინასტიაა, ანუ არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი და მისი მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი არიან.

37 წლის პრინცი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის, OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერად; საუდის არაბეთის მომავალ მეფედ და Aramco-ს მფლობელად ითვლება, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანად აქცევს.

საუდების ოჯახის სიმდიდრის ზუსტი შეფასება თითქმის შეუძლებელია, თუმცა Forbes-ის გამოთვლებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2-დან 4 ტრილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

Saudi Aramco თავისი არსით მონოპოლია და ის ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა საბადოსა თუ ბუნებრივ რესურსს აკონტროლებს. კომპანია ჯაში 70,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს, Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორი კი ამინ ნასერია, რომელიც თითქმის 20 წელია კომპანიას ხელმძღვანელობს.

Aramco-ს აღმასვლის მიზეზები რთული ასახსნელი არ არის, დაფუძნების დღიდან, ანუ 1933 წლიდან მოყოლებული, Aramco პლანეტის უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომლის დღიური საწარმოო შესაძლებლობა 13 მილიონ ბარელს აღწევს, რაც დაახლოებით ევროკავშირის ყოველდღიური მოთხოვნის ტოლფასია.

ბიუჯეტის შევსების გარდა, Aramco-ს პოლიტიკური მისიაც აკისრია. საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ის საუდის არაბეთის მთავარი კოზირია, Aramco-ს მიერ ნავთობისა და გაზის მიწოდების შეზღუდვას კი მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევა მარტივად შეუძლია, რაც მას გეოპოლიტიკურ იარაღადაც აქცევს.

70-იანი წლების გლობალური სანავთობო კრიზისი სწორედ საუდის არაბეთის მიერ ექსპორტზე ემბარგოს დაწესებით იყო გამოწვეული. Aramco-ს მიერ წარმოების შეზღუდვამ კი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

Saudi Aramco-ს საბაზრო ღირებულების შეფასებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ არაბულ ბირჟაზე კომპანიის აქციების მხოლოდ მიზერული ნაწილი ივაჭრება, თავად კომპანია კი სამეფო ოჯახის სრულ დაქვემდებარებაშია. გარემოს დაბინძურების მაღალი მაჩვენებლისა და პოლიტიკური ფაქტორების გამო, მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორები Aramco-ს აქციების შეძენას ერიდებიან, იმ შემთხვევაში თუ Aramco-ს მსგავსი რესურსები რომელიმე სხვა ამერიკულ კომპანიას, მაგალითად EXXON-ს ექნებოდა, სავარაუდოდ, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია არა 2 ტრილიონს არამედ რამდენიმე ათეულ ტრილიონ დოლარსაც მიაღწევდა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები