საუდის არაბეთის ნავთობგიგანტი Saudi Aramco მსოფლიო მასშტაბით საცავების ტევადობის გაფართოებას განიხილავს. ეს გადაწყვეტილება ირანის ომის გამო ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების მიწოდების შეფერხებას უკავშირდება - ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იასირ ალ-რუმაიანმა განაცხადა.
"Aramco-ს აქვს საცავები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში - კორეასა და იაპონიაში, და ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ უფრო დიდი საცავების შექმნაზე გლობალური მასშტაბით", - განაცხადა რუმაიანმა, რომელიც ასევე საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის (PIF) მმართველია.
რუმაიანმა ამის შესახებ სამიტზე - "FII PRIORITY Europe"-ზე განაცხადა, რომელიც რომში საუდის არაბეთის არაკომერციული ორგანიზაციის - "მომავლის საინვესტიციო ინიციატივის" ორგანიზებით გაიმართა და რომელსაც მხარს PIF უჭერს.
რუმაიანის თქმით, 2017-2025 წლებში PIF-მა ევროპასა და დიდ ბრიტანეთში 98 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა, ხოლო Aramco-მ ევროპელ მომწოდებლებთან დაახლოებით 80 მილიარდი ევრო დააბანდა.
თუმცა მან დასძინა, რომ ევროპულ ბაზარზე არსებული რეგულაციები ინვესტიციებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
"რეგულატორული გამოწვევები ნამდვილად აზარალებს ისეთ ინვესტორებს, როგორებიცაა Aramco, SABIC და PIF, რაც ხელს მათ არა მხოლოდ დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაში უშლის, არამედ უკვე არსებული კაპიტალის ევროპაში შენარჩუნებაშიც", - განაცხადა რუმაიანმა.




























