საუდის არაბეთმა სტრატეგიული მნიშვნელობის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნავთობსადენის ფუნქციონირება აღადგინა.
როგორც ირკვევა, ქვეყანა წითელი ზღვის იანბუს პორტიდან ნავთობის ექსპორტის განახლებას დღის ბოლომდე გეგმავს. წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე მილსადენით ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება დაბალი სიმძლავრით მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიმძლავრე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ გიგანტ Saudi Aramco-ს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ასევე, არც ევროპელ მომხმარებლებს მიუღიათ შესაბამისი ინფორმაცია მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, საუდის არაბეთი 13 სექტემბერს, ჰუსიტების მიერ განხორციელებული შეტევების გამო, იძულებული გახდა იანბუს პორტიდან ნავთობის დატვირთვის პროცესი და „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნავთობსადენის ოპერირება შეეჩერებინა.























