პლანეტის უდიდეს ენერგეტიკულ კომპანიას არასახარბიელო პერიოდი დაუდგა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Saudi Aramco-ს მოგების მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა, რასაც არავინ არ მოელოდა.
საერთო ჯამში, კომპანიამ 32 მილიარდ 600 მილიონი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რითაც არაბეთში კმაყოფილები ნამდვილად არ არიან, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გასული წელი Aramco-მ $161-მილიარდიანი მოგებით დაასრულა, რაც კომპანიის მიერ კაცობრიობის ისტორიაში მიღებული ყველაზე დიდი მოგება იყო.
Aramco-ს არასახარბიელო შედეგები ბირჟაზე ნავთობის გაიაფებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, ერთწლიან პერიოდში ნავთობის ფასი 10%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საბაზო ეფექტიც, ანუ ის ფაქტი, რომ წინა წლის მესამე კვარტალში კომპანია ნავთობს 100-დოლარიან ნიშნულზე ყიდდა, ახლა კი ნავთობის ფასი 80 დოლარის ფარგლებშია.
23%-იანი კლების მიუხედავად, Aramco მაინც რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანიად, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 165 მილიარდ დოლარს შეადგენს.