სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საუდის არაბეთიდან წლების განმავლობაში 100 მლნ დოლარის ინვესტიციაა ჯამში ჩადებული, რაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ხიდურელი ამბობს, რომ საუდელი ბიზნესმენები უცხო ქვეყნებში ინვესტიციებს ძირითადად უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში დებენ და ამ ფორუმზეც საქართველო ამ დარგებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან საქართველოში განხორციელებულია დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან მსხვილი ბიზნესფორუმი. ჩვენ სტუმრად გვყავს 100-ზე მეტი საუდური კომპანია, საწარმოები. დარწმუნებული ვართ, ეს ღონისძიებები საქართველო-საუდის არაბეთის ურთიერთობებს ჩაუყრის საფუძველს.
საქართველოსადმი ძალიან მზარდ ინტერესს ვხედავთ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურის ქვეყნიდან სხვადასხვა ტიპის ინვესტორები ჩამოდიან. იცით, რომ საამიროებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და რამდენიმე პროექტი მუშავდება. ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ საუდის ინვესტორები საქართველოთი დაინტერესდებიან. პირველივე ჩამოსვლაზე და შეხვედრაზე შედეგები არ იდება, თუმცა იწყება მოლაპარაკებები. ასეთი მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და საზოგადოებას შედეგების შესახებ გავაცნობთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი იმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰი გახსნიან.
ბიზნესფორუმს 300-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნესდელეგაცია