მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის ახალი ქალაქი NEOM-ი ქართული წყლით მომარაგდება - ლაშა პაპაშვილის პროექტი

ბიზნესმენი

ლაშა პაპაშვილის ახალ ბიზნესპროექტს საუდის არაბეთის ინვესტორებთან ერთად იწყებს და ნატახტარში წყლის წარმოებას გეგმავს.

„საუდის არაბეთის ახალი ქალაქი Neom-ი ქართული წყლით მომარაგდება“ - ასე უპასუხა BM.GE-ის მიერ პროექტის დეტალების შესახებ დასმულ კითხვას ბიზნესმენმა.

მისი თქმით, დღეს საუდის არაბეთიდან ჩამოსულ ბიზნესპარტნიორებთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა. ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, რომ უცხოელ ინვესტორებთან ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ხნის დაიწყო, თუმცა დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობს.

"ჩვენი ჯგუფი ვაფორმებთ მემორანდუმს წყლის ჩამოსხმაზე. საუდის არაბეთი ერ-რიადისგან დამოუკიდებლად უმსხვილეს ქალაქს აშენებს და ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობაა.

ჩვენ ნატახტართან წყლის მოპოვების ლიცენზია გვაქვს, რომელსაც [საუდის არაბეთიდან ბიზნესპარტნიორებთან] ერთად განვავითარებთ და პროექტი არაბული ინვესტიციით განხორციელდება. ჩამოსხმულ წყალს ექსპორტზე არაბეთში ექსკლუზიურად გავიტანთ“, - განმარტა ლაშა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოს ის პოტენციალი აქვს, რაც საუდის არაბეთს არ აქვს და ქვეყანამ ეს რესურსი უნდა გამოიყენოს.

"სოფლის მეურნეობაში საქართველოში რძის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ვარ და ფერმა მაქვს, საუდის არაბეთს კი მსოფლიოში უდიდესი ფერმა აქვს, სადაც 150 000 მეწველი ძროხა ერთ ადგილზე ჰყავს, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ მათ უჭირთ მიწა, აშშ-ში აქვთ მიწა, მაგრამ იქ წყლის პრობლემა აქვთ, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ არის, ამიტომ სწორი დამუშავება და სწორი შეთავაზებაა ამ კუთხით საჭირო, რაც ექსპორტს გაზრდის... საკვები პროდუქტების მიწოდება, შეიძლება ტრანზიტი განვითარდეს...", - აღნიშნა პაპაშვილმა.

ქალაქი დიდი ქუჩებისა და სატრანსპორტო საშუალებების გარეშე - ადგილი, სადაც ირგვლივ ყველაფერი ხუთი წუთის სავალზეა. ეს NEOM-ის პროექტი, რომელიც საუდის არაბეთში პრინცი - ბინ სალმანის ზედამხედველობით ხორციელდება და ქვეყნის მომავლის ხედვას ეფუძნება. საუდის არაბეთის NEOM-ის პროექტს გამორჩეული მიზნები აქვს. მისთვის პრიორიტეტს ადამიანები და მათი ჯანმრთელობა წარმოადგენს. ქალაქი მაქსიმალურად დაცული იქნება გამონაბოლქვისგან. მატარებლებისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწისქვეშა გზები მოეწყობა. Clean Energy - ეს არის პრინციპი, რომლითაც შენობები იფუნქციონირებენ.

პროექტის სრული ღირებულება 500 მილიარდი ამერიკული დოლარია. NEOM-ი 380 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს და როგორც წინასწარი პროგნოზით არის განსაზღვრული საუდის არაბეთის GDP-ის 2030 წლისთვის $48 მლრდ-ით გაზრდის.

NEOM-ი დაახლოებით 26 500 კვადრატულ მეტრის ფართობისაა და ის საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიას სამხრეთით წითელი ზღვა და დასავლეთით აკაბას ყურე ესაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები