საუდის არაბეთის მილიარდერმა პრინცმა ალ-ვალიდ ბინ თალალ ალ საუდმა ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა. Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთის პრინცის მფლობელობაში არსებული 19.5 მილიონი აქციის ღირებულება, $6.50-იანი ბოლო საბაზრო ფასის გათვალისწინებით, $126.83 მილიონს შეადგენს.
საყურადღებოა, რომ საუდის პრინცმა საინვესტიციო შეთანხმება მას შემდეგ გააფორმა, რაც კომპანიის შესაძლო გაკოტრებაზე ან კერძო საკუთრებაში გადასვლაზე საუბრები მედიაში აქტიურად დაიწყო. გაზრდილი ხარჯების შემცირებისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ თვეში აშშ-ში თანამშრომლების 18% უკვე დაითხოვა და ოპერაციული დირექტორის შტატიც კი გააუქმა. ამჟამად კომპანიაში ფართომასშტაბიანი რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს. პროცესს ივნისში დანიშნული ახალი გენერალური დირექტორი სილვიო ნაპოლი უძღვება.
ალ საუდის მიერ ინვესტიციის ჩადების ფონზე Lucid-ის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. ამჟამად მისი კაპიტალიზაცია $3.08 მილიარდს აღწევს.
ცნობისთვის, საფონდო ბირჟაზე გამოჩენიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგაც კი, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია მოგებაზე გასვლას კვლავ ვერ ახერხებს.




























