იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა “რომამ” ცოტა ხნის წინ არაბულ კომპანია “Riyadh Season”-თან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის ლოგო და წარწერა გუნდის მაისურის წინა მხარესაა გამოსახული.
ამ გარიგების შემდეგ საუდელებს უკვე კლუბის შეძენის სურვილიც გაუჩნდათ, რომელიც ამ ეტაპზე ამერიკელი ბიზნესმენის დენ ფრიდკინის საკუთრებაშია. ცნობისთვის, ფრიდკინსმა გასულ ზაფხულს კლუბში 800 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო და ერთ-ერთ აღმოსავლურ კონსორციუმზე ერთ მილიარდად გაყიდვას არ დათანხმდა.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და “რომას” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამჟამად არაბეთში იმყოფება.
“დედაქალაქელების” ერთ-ერთი პოტენციური მფლობელი საუდის არაბეთის სუვერენული ფონდია (PIF), რომლის მფლობელობაშიც ინგლისური კლუბი „ნიუკასლია“, ხოლო მეორე თურქი ალ-შეიხი, საუდის არაბეთის გართობის გენერალური ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც რომაელებთან სასპონსორო ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა.
ასევე განიხილება არაბული მხარისგან ადგილზე 900 მილიონი ევროს გადახდა, რასაც შემდგომში კიდევ 300 მილიონი დაემატება. „რომა“ ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს და აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება.