ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანისთვის, ვინც ხელისუფლებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, მოუწია თუ არა ოფიციალურ თბილისს საოკუპაციო რეჟიმთან დათმობაზე წასვლა, მინისტრმა უპასუხა, „ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნა დაცული“.
„მე რეგიონში ვიმყოფებოდი საწარმოების გახსნაზე და ამასობაში ეს სასიხარულო ამბავი შევიტყვე. არ შემეძლო პირადად არ მენახა ბატონი ვაჟა. მინდა მოგილოცოთ, მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში მის ოჯახს ეს ამბავი. მინდა გითხრათ, რომ მისი დატყვევების პირველი დღიდან მთავრობა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე რაც შეიძლება მალე დამდგარიყო. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, მიუხედავად სირთულეებისა და საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ის პირადად ესაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილს და ექიმი თავს გრძნობს ნორმალურად.
„ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ზოგიერთი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ადამიანის მიმართ, ვინც თითოქსდა უმოქმედობაში ადანაშუალებდა ხელისუფლებას. შედეგი დადგა და სახეზეა - ბატონი ვაჟა ახალ წელს შეხვდება ოჯახში. პროცესი იყო რთული, როცა საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, ეს, რა თქმა უნდა, სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სირთულეები წარმატებით იქნა გადალახული. განსაკუთრებით მნიშველოვანია ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ყველა გვერდში დაგვიდგა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა. ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ ჩვენი მოქალაქის და ჩვენი ვეყნის ინტერესები იქნა დაცული“, - განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით. 2019 წლის 20 დეკემბერს კი მას ცხინვალის სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
48 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.