მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუკეთესო სამუშაო ადგილი არასდროს არის უბრალოდ სამსახური“ - თამარ კიკვაძე ქალების ნარატივში

BM.GE
24.03.21 12:11
767

"Connections" - პარტნიორებისა და გუნდის წევრების მოძიებაში დამხმარე პლატფორმა - თამარ კიკვაძე „ქალების ნარატივში“ 

 

-რას სთავაზობთ მომხმარებელს?

-ეს არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს აკავშირებს, ამას უკავშირდება სახელიც. მე და ნინო ხაჭაპურიძემ, კომპანიის ორმა თანადამფუძნებელმა ჩვენი განსხვავებული გამოცდილებები ერთმანეთს დავუკავშირეთ. ნინოს აქვს 15 წელზე მეტი პერიოდის გამოცდილება ადამიანურ რესურსებსა და ტრენინგებში, მე კი გაყიდვებში. ამ სინთეზით, დასაქმების აუთსორს სერვისით დავიწყეთ მოღვაწეობა. გამოვიყენეთ არასტანდარტული მიდგომა. არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევებით ვცდილობთ ადამიანების short list-ის შედგენას, არამედ მივდივართ უფრო ღრმად და შინაარსობრივად. ვეცნობით იმ გუნდს, სადაც ეს ადამიანი უნდა მივიდეს. 

 

-როგორი გარემოა “connections”-ში?

-გუნდი ათამდე ადამიანს აერთიანებს; ვართ შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჯერ შედეგი მოგვაქვს და ამის შემდეგ ვიღებთ საკომისიოს. გვაქვს ჩვენი თავის იმედი იმაში, რასაც ვაკეთებთ. ალბათ, ეს მიდგომა გაყიდვებში ჩემს გამოცდილებასაც უკავშირდება - ჯერ საქმე; ვფიქრობ, პარტნიორებსაც მოსწონთ ასეთი პრინციპი. გუნდის წევრებიც, შევარჩიეთ როგორც პარტნიორები. ამ კონტექსტში არასოდეს ვამბობთ სიტყვას „კადრი“, ისინი არიან გუნდის წევრები.  

 

-საწყის ეტაპზე, რა იყო პლატფორმის მთავარი იდეა?

-მთავარი იდეა იყო ადამიანებთან ურთიერთობა, კომპანიის მოთხოვნის კარგად შესწავლა, როგორ ადამიანს ეძებს. ჩვენ ვართ ამ ადამიანების დამაკავშირებლები. გავიცანი ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი, მაგრამ მათაც აქვთ სიახლეების მოთხოვნა, რაც მოიაზრებს გუნდსა და გარემოსაც, სადაც მეტად მიეცემათ თავიანთი „მე“-ს გამოვლენის საშუალება. ესაა ის განსხვავება, რამაც დაგვამკვიდრა ბაზარზე.

 

-რას ძირითადი მოთხოვნები აქვთ კომპანიებს?

-იდენტური სექტორის იდენტურ გამოცდილებას. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ შემოვიტანოთ ხედვა, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხანდახან ძალიან კარგია ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ რაღაც ახალი აკეთონ. ვფიქრობთ, რომ ასეთმა მიდგომამ გაამართლა.

 

-რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობთ?

-ვითანამშრომლეთ დაახლოებით 15-მდე კომპანიასთან, თუმცა არცერთ შემთხვევაში, თანამშრომლობა ერთჯერადი არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგიაა გრძელვადიანი ურთიერთობები. გამოვყოფდი დეველოპერ კომპანია „ვობის“. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართულები მათთვის დეველოპერების მოძიების პროცესში და გუნდის 3 წევრი ვაპოვნინეთ. ეს რთული გამოწვევა იყო, ბაზარზე დეველოპერის პოვნა და გადმობირება არც თუ ისე ადვილია; ამიტომაც გამოვარჩევდი.

 

აღვნიშნავ, რომ პანდემიამდე გვქონდა განსხვავებული ტრენინგმოდული - „მე, შენ და გაყიდვები“. ორი მოდულისგან შევქმენით საავტორო პროგრამა. კომპანიის მეორე თანადამფუძნებელი ფსიქოლოგიცაა. ჩვენი ტრენინგ-პროგრამა განსხვავებული იყო იმით, რომ წარმოდგენილი იყო ორი გუნდი - ერთი მხარეს, გამოცდილი გაყიდვების მენეჯერები, HR-ები და მეორე მხარეს, ფსიქოლოგები. ამ ორმა განსხვავებულმა გუნდმა ერთმანეთს დიდი სარგებელი მოუტანა, ერთმანეთს ბევრი რამ შესძინეს. აღმოჩნდა, რომ ტრენინგმა მონაწილეები დააფიქრა. შეიძლება ითქვას, რომ გაყიდვებში დღეს ყველაზე კარგად არაპირდაპირი გაყიდვები მუშაობს.

 

-ვისაუბროთ სიახლეებზეც...

-აუთსორს გაყიდვების მიმართულება დავამატეთ. პანდემიის ფონზე, აუთსორს სერვისები დღეს ბევრად აქტუალურია. ამ მიმართულებითაც, მუშაობს ის პრინციპი, რომ ჩვენ ჯერ შედეგი მოგვაქვს და ამის შემდეგ ვიღებთ საკომისიოს.

 

-დღეს კვალიფიციური კადრი ჭირს?

-ასე არ ვიტყოდი, ვფიქრობ, უბრალოდ სწორი ადამიანები უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს. 

 

-თავად რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების პირველ ბიძგად?

-მიზანი, განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი. რაც არ უნდა ბევრს მიაღწიო, ყოველთვის არის რაღაც, რაც არ იცი. ბოლო დროს, ძალიან დამეხმარა ის, რომ გავიარე ქოუჩინგის პროგრამა. მთავარი რაც გავიგე იყო ის, რომ ადამიანი რაღაცებს მხოლოდ მოსმენით გაიგებს. თვითონ ქოუჩინგიც სხვისი და პირველ რიგში, საკუთარი თავის მოსმენის ხელოვნებაა. ხშირად არ გვაქვს დრო, რომ საკუთარ თავს მოვუსმინოთ. ხანდახან, შეიძლება სურვილიც არ გვქონდეს. 

 

-სამომავლოდ რა სიახლეებს მოიაზრებთ?

-სამომავლოდ, მოვიაზრებთ ექსპორტის მიმართულებასაც. ექსპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც ვიცით, ინდოეთი განიხილება თავისუფალი ვაჭრობის ახალ შესაძლებლობად. გვინდა,ერთგვარი ჰაბი ვიყოთ, რომელიც ქართულ კომპანიებს,ბიზნესმენებს, ინდოელ იმპორტიორებთან დააკავშირებს. ასევე, გვსურს გვქონდეს ჩვენი ბრენდი, გარკვეული პროდუქტის, რომელსაც ასევე ექსპორტზე გავიტანთ.





სტუმარი: თამარ კიკვაძე - "connections"-ის თანადამფუძნებელი
 
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები