ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ჟამშიდ ხოჯაევმა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც ირაკლი კობახიძის უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაშკენტში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, სავაჭრო ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შექმნა და პირდაპირი ავიარეისების გაზრდის შესაძლებლობები.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებობს მეგობრობის მრავალწლიანი ტრადიციები, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა ბოლო წლებში.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპის გაზრდას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აქტიურად გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შევძლებთ გავხსნათ ახალი შესაძლებლობები პარტნიორობის უფრო ეფექტური განვითარებისთვის“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში მზარდი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%,-ით გაიზარდა, გასულ წელს 23%-ით არის გაზრდილი საქართველოში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება სატვირთო გადაზიდვებში, მათ შორის საავტომობილო ტრანსპორტით ორ ქვეყანას შორის გადაზიდულია 442,7 ათასი ტონა ტვირთი (ზრდა 6,1%), ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების ოდენობა 24.7 %-ით არის გაზრდილი.