საქართველოს სავაჭრო პალატამ ევროპალატის წევრ ქვეყნებთან ერთად დაიწყო უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გლობალური კამპანია. შექმნილია სპეციალური ანგარიში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებს. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს.
უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ანგარიში არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზების დროულად გაწევის მხრივ.
ფონდში შეგროვილი თანხები მოხმარდება: ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო ადგილამდე ტრანსპორტირებას; საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, ბავშვის მოვლის და სხვა ჰიგიენური პროდუქციის შეძენას; ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დახმარებას და უსაფრთხო საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის დახმარების ფონდის მიერ განხორციელდება, რომელიც პოლონეთის სამრეწველო პალატისა და პოლონურ-უკრაინული პალატის ინიციატივით შეიქმნა.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე: BIC / SWIFT CODE Bank: PPABPLPK IBAN number: PL31 1600 1462 1890 7447 7000 0005 დანიშნულება: „pomoc Ukrainie”.