აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობის შეთანხმება, შესაძლოა, "ძალიან მალე" დაიდოს - ამის შესახებ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებით, ბრიტანეთს შესაძლებლობა ექნება, თავიდან აირიდოს იმპორტის ტარიფები, რომლებსაც აშშ ევროკავშირსა და სხვა სავაჭრო პარტნიორებს უწესებს. მისივე თქმით, სტარმერი ცდილობდა, აშშ-სთვის ბრიტანეთისთვის ტარიფების დაწესება გადაერწმუნებინა: "სცადა, ძალიან ბევრს მუშაობდა ამაზე. იმსახურებს, რასაც [ბრიტანეთში] უხდიან".
თავად სტრამერის თქმით კი, მოლაპარაკებები, რომლებიც აშშ-ბრიტანეთს შორის ვაჭრობის შეთანხმებას შეეხებოდა, "სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივი" იყო.
ტრამპი იმპორტის ტარიფების დაწესებაზე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. შტატების მოკავშირე სახელმწიფოთა დიდ ნაწილს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს, პროდუქტის იმპორტზე 25%-იანი გადასახადი დაუწესა. ბრიტანეთის შემთხვევაში კი, 25%-იანი ტარიფი ვრცელდება ფოლადისა და ალუმინის აშშ-ში იმპორტზე.
ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ერთობლივ კონფერენციაზე უკრაინის შესახებაც ისაუბრეს. სტარმერის განცხადებით, მან და ტრამპმა სამშვიდობო გეგმა განიხილეს, რომელიც იქნება "მკაცრი და სამართლიანი" და "პუტინს მეტის მოთხოვნის საშუალებას არ მისცემს". მისივე თქმით, გეგმის ჩამოყალიბებაში როლს უკრაინაც შეასრულებს.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ქვეყანა მზადაა, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი გაგზავნოს, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა როლს შეასრულებენ. ტრამპმა კი აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციებში აშშ ბრიტანეთს მხარს დაუჭერს, თუმცა თავდაცვის ძალების უკრაინაში გაგზავნის შესახებ არაფერი უთქვამს.
სტარმერის თქმით, აშშ-სგან გაცემული გარანტიების გარეშე, არსებობს შანსი, რომ პუტინი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მიზეზი იყო, ბრიტანეთის მიერ მავრიკის სახელმწიფოსთან დაგეგმილი შეთანხმებაა, რომელიც ჩაგოსის კუნძულს შეეხება. თუმცა პრესკონფერენციაზე ტრამპმა დაადასტურა, რომ იგი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს.
ბრიტანეთსა და მავრიკის შეთანხმებით, გაერთიანებული სამეფო ინდოეთის ოკეანის ამ კუნძულის სუვერენობას დათმობდა, სანაცვლოდ კი დიეგო-გარსიას კუნძულზე კონტროლს შეინარჩუნებდა, რომელზეც აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული.