სავაჭრო ცენტრებში ბრუნვის მაჩვენებლები იზრდება. როგორც მოლების და რიტეილერების წარმომადგენლები აცხადებენ, ზრდა ზაფხულის განმავლობაში უმეტესად ადგილობრივი მომხმარებლების ხარჯზე ფიქსირდებოდა.
„გალერია თბილისში“ ამბობენ, რომ მათთან ნაკადების რაოდენობა 20%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა ჯამური ბრუნვა გაზრდილია. როგორც „გალერია თბილისის“ დირექტორი ნიკა ცინცაძე განმარტავს, ზაფხულის 3 თვის განმავლობაში ჯამურად მოლს 1,5 მლნ ადამიანი სტუმრობდა, რომლის 70%-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო.
ცინცაძე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. მოთხოვნა კი უფრო მეტად საშუალო და მაღალი კლასის ბრენდებზეა.
“თუ შევადარებთ 2023-ს 2019 წელს, ნაკადები დაახლოებით 20%-ით შემცირებულია. მოლოდინი უფრო პოზიტიური გვქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, თუ შევხედავთ მთლიანად გალერიის ჯამურ ბრუნვას, გაზრდილია ასევე 20%-ის ფარგლებში. დღიურად მოლს 16-17 ათასი ადამიანი სტუმრობს, ზაფხულის 3 თვეში 1,5 მლნ ადამიანს მოვემსახურეთ. ბოლო წლების ტრენდია ისიც, რომ სასეირნოდ არავინ მოდის.
დაახლოებით 30-40%-ია ტურისტები, რაც ჯამურ ციფრში შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა რადგან ბრუნვა გაიზარდა, ეს მაღაზიებისთვის კარგი მოტივატორია“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკა ცინცაძენ.
რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობენ „რითეილ გრუპ ჯორჯიაში.“ კომპანიის ხელმძღვანელი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ 2023 წლის ორი კვარტლის მონაცემები 2022 წლის მაჩვენებლებსაც აღემატება. მიუხედავად აგვისტოში ტრენდის შემცირებისა, კომპანიის ინფორმაციით გაყიდვები 15%-იან, ტრაფიკი კი 25%-იან ზრდას აჩვენებს.
„კარგი ზაფხული გვქონდა ისევე როგორც მთიანად 2023, გადავაჭარბეთ 2022 წლის მაჩვენებლებსაც. შეგახსენებთ, რომ 2022 წელი იყო რეკორდული. ზაფხული ძლიერი იყო, აგვისტოში ოდნავ შესუსტდა, დაგვაკლდა მცირედი რაოდენობა შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, თუმცა დანარჩენი თვეები უსწრებდა 2022 წელს.
ტრაფიკი 25%-ით გაიზარდა და გაყიდვები 15%-ით. რაც შეეხება უცხოური პლასტიკური ბარათების რაოდენობას, კოვიდამდე 15-17% იყო, წელს კი 20-25%-იანი წილი მოდის“, - განაცხადა მაღალაშვილმა.