მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები დადებითად შეაფასა - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყნის მიერ ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები წარმატებულად მიიჩნია. ამის შესახებ მინისტრმა ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუციშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე IMF-ის როლი ეკონომიკური რეფორმების პროცესში.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო ფონდი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. ის მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის, ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ და ფონდს შეჯერებული გვაქვს პოზიციები რეფორმის ყველა ასპექტთან მიმართებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახური წერს, რომ შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და მისგან მომდინარე რისკები. მინისტრის განმარტებით, ფონდთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები ქვეყანას რისკების გადაზღვევის შესაძლებლობას აძლევს.

„ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც აქვს საქართველოს, ქვეყანას აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში. თავისუფლადაა შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია წარმოიქნას არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რჩება საქართველოს რეფორმების მხარდამჭერად და მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები