მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ჯიხურების ბრუნვა 10-ჯერ შემცირდა

6003fe55a5374
ანუკა ჯოხაძე
17.01.21 13:25
968
სავალუტო ჯიხურების ბრუნვა 10-ჯერ შემცირდა- ამის შესახებ BM.GE-ის „ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ წევრმა ვახტანგ გრიგალაშვილმა განუცხადა.

როგორც ის ამბობს, ბაზარს ტოვებენ მცირე ზომის კომპანიები, რომლებმაც საქმიანობა თავის დროზე მცირე კაპიტალით დაიწყეს. მისი თქმით, ხარჯვითი ნაწილი სავალუტო ჯიხურების შემთხვევაში მცირედით შემცირდა, თუმცა ბრუნვა ბევრად მეტად – 10-ჯერ მაინც არის შემცირებული. ვახტანგ გრიგალაშვილი ამბობს, რომ იქამდე, სანამ ქვეყანაში ბიზნესი აქტიურად არ ამუშავდება და არ გაიზრდება კონვერტირების ოდენობა ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის, რეალობა არ შეიცვლება.

“იმ შემთხვევაში, თუ ფართი, სადაც ოპერირებ კერძო საკუთრებაში არ გაქვს, გიწევს იჯარის გადახდა. ალბათ მეიჯარესთან მიხვალ და ეტყვი, გამინახევრე იჯარა, მაგრამ არ გამოდის ასე. ხარჯვითი ნაწილი შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ შემცირდა 10-15%-ით, ესეც თანამშრომლების შემცირების გამო ძირითადად, თუმცა სავალუტო ჯიხურების ბრუნვამ მოიკლო 10-ჯერ. ამას თამამად ვამბობ, უკვე 10 თვეა გასული, რაც პანდემია დაიწყო და ეს რეალობა მოიტანა კოვიდმა ქვეყანაში. ამ თემას მხოლოდ საზღვრების გახსნა ვერ დაალაგებს. თუ ბიზნესმა არ იმუშავა და კონვერტაციების ოდენობა არ გაიზარდა, მხოლოდ საზღვრების გახსნით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება”-ამბობს „ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ წევრი ვახტანგ გრიგალაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 944 სავალუტო ჯიხური ოპერირებდა, ხოლო 2020 წელს მათი რაოდენობა 150 ერთეულით შემცირდა და დღეს ბაზარზე საქმიანობას 794 სავალუტო ჯიხური განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები