საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ სებ-ის მიერ სავალუტო კრედიტების ლიმიტის 750 000 ლარამდე ზრდა ლარიზაციის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გაუცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ამასთან, ძნელაძე ამბობს, რომ ზღვრების წინა ცვლილებებთან შედარებით, ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებ მომხმარებელზე აისახება.
„750 000 ლარამდე ზრდა ცალსახად ხელს შეუწყობს და არის ლარიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ლარიზაციის პროცესის მეტ ინტეგრაციას. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ზღვრის 750 000 ლარამდე ზრდა უფრო ნაკლებ მომხმარებელს შეეხება, ვიდრე ყველა წინა გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, ცალსახად რომ ვთქვათ, რომ ეს მკვეთრად აისახება ძალიან რთულია, მაგრამ აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მდგრადია ეკონომიკა და რამდენად მომავალშიც კიდევ ვუწყობთ ხელს ამ მდგრადობას", - აცხადებს ძნელაძე.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა.




























