მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია ჩინურ იუანში - ფინანსისტის შეფასება

არჩილ იაკობაშვილი

ფინანსისტი არჩილ იაკობაშვილი საქართველოს სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ ობლიგაციებში განთავსების გეგმას შეფასებისას აცხადებს, რომ ასეთი ინსტრუმენტები ცენტრალური ბანკების პრაქტიკაში შედარებით იშვიათად გამოიყენება და, მისი თქმით, „ლიკვიდობის მიზნით დივერსიფიკაცია შესაძლებელია, თუმცა ინვესტიციისთვის მაინცდამაინც სახარბიელო ვერ იქნება“.

საქართველოს ეროვნული ბანკიის ინფორმაციით, რეზერვების დივერსიფიკაციის ფარგლებში ჩინურ ფასიან ქაღალდებში იგეგმება ინვესტირება, რისთვისაც სებ-მა China Interbank Bond Market-ზე მოიპოვა წვდომა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაბიჯი რეზერვების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად.

ფინანსისტ იაკობაშვილის განმარტებით, უცხოურ ბონდებში აქტივების განთავსება ცენტრალური ბანკებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა ჩინურ ბაზარს აქვს სპეციფიკური თავისებურებები. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორია სავალუტო პოლიტიკა — „როდესაც ქვეყანა მიზანმიმართულად არ აძლევს საკუთარ ვალუტას გამყარების საშუალებას, უცხოელი ინვესტორისთვის მოსალოდნელი სარგებელი მცირდება“.

არჩილ იაკობაშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე ბაზრის მექანიზმებზე და აღნიშნავს, რომ ჩინეთში საპროცენტო განაკვეთების ფორმირებაზე სახელმწიფო მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს, რაც განსხვავდება იმ მოდელისგან, სადაც გრძელვადიანი განაკვეთები საბაზრო ძალებით განისაზღვრება. მისი შეფასებით, ადგილობრივი ბანკების როლიც სპეციფიკურია, რადგან ისინი ხშირად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე არიან ორიენტირებული, თავის მხრივ ძირითადი ჩინური ბანკები სწორედ სახელმწიფო ბანკებს წარმოადგენენ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, ჩინურ ადგილობრივ ობლიგაციებში უცხოელი ინვესტორების წილი დაბალია და დაახლოებით 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს, რომ ასეთი აქტივები რეზერვების განთავსების ფართოდ გამოყენებული მიმართულება არ არის. იაკობაშვილი ალტერნატიულ ბაზრებად ასახელებს იაპონიას, სამხრეთი კორეას, სინგაპურსა და ავსტრალიას, სადაც, მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში შემოსავლიანობის დონე უფრო მაღალია.

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ამჟამად დაახლოებით 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და მათი ძირითადი ნაწილი დოლარსა და ევროშია განთავსებული. ფინანსისტის შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება სტრატეგიული აქტივების განაწილების პოლიტიკაზე და იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც მარეგულირებელი განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები