მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლის პირველ ნახევარში ლარი კიდევ უფრო გამყარდება...იქნებ 2.5 ლარამდეც"| პროგნოზი

არჩილ იაკობაშვილი

2007-2024 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილის აზრით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, 2025 წელს, რეზერვების დაგროვების პარალელურად, ლარის უფრო მეტად გამყარება შეეძლო.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში სებ-ის ყოფილმა ფინანსურმა ტრეიდერმა არჩილ იაკობაშვილმა ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა დადებითად შეაფასა, თუმცა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, მისი თქმით, სავალუტო რეზერვების რეკორდულ ნიშნულამდე გაზრდის ფონზე ლარის კურსს გამყარების მეტი პოტენციალი ჰქონდა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ $6.16 მილიარდამდე გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სებმა სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა. დეკემბრის შესყიდვების შესახებ კი ინფორმაციას სებ-ი 26 იანვარს გამოაქვეყნებს. მეორე მხრივ, 2025 წლის განმავლობაში, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 4%-ით, ანუ 11.75 თეთრით გამყარდა - წლის ბოლოსთვის ერთი დოლარი 2.6963 ლარი ღირდა.

არჩილ იაკობაშვილის განმარტებით, წმინდა სავაჭრო-ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო რეზერვების შევსება ისე, რომ ლარის კურსი უფრო მეტად წასულიყო გამყარებისკენ.

- ამ რაოდენობის სავალუტო რეზერვების შესყიდვა აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, თუმცა ვაჭრობა ისე უნდა გამართულიყო, რომ რაოდენობის ეფექტთან ერთად, ფასის სასურველი ეფექტიც დაფიქსირებულიყო. შესაძლებელი იყო კურსი 2.50-ის ნიშნულამდეც ჩამოსულიყო...

- როგორ?

- სავალუტო ბაზარზე ცენტრალური ბანკი ხომ ინტერვენციებს ახორციელებს?! ეს ინტერვენციები სხვა არაფერია, თუ არა გარიგებები კომერციულ ბანკებთან და სავალუტო ბაზრის სხვა მონაწილეებთან... როდესაც ცენტრალური ბანკი ყიდულობს, შეიძლებოდა, ვაჭრობა ისე ყოფილიყო გამართული, რომ რაოდენობის ეფექტთან ერთად, სავალუტო ბაზარზე, ფასის სასურველი ეფექტიც დაფიქსირებულიყო.

- არ უფიქრია ლარის მეტად გამყარებაზე ეროვნულ ბანკს?

- პირველ რიგში, მინდა ვთხოვო მათ, რომ ეს არც კრიტიკად მიიღონ, მით უმეტეს არც საყვედურად, უბრალოდ რეკომენდაციად, რომ ალბათ, წელსაც მოუწევთ ინტერვენციების განხორციელება შესყიდვის მიმართულებით და შესაძლებელია [უკეთესად გააკეთონ]. ჩემი პროგნოზიც არის, ნუ ამას თავის მიზეზები აქვს, რომ წლის პირველ ნახევარში ალბათ ლარი კიდევ უფრო გამყარდება... იქნებ კურსი 2.5 ლარამდეც [გამყარდეს].

2007-2024 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერმა, სავარაუდოდ, იგულისხმა ევრობლიგაციების რეფინანსირება, რომელიც მთავრობას წელს უწევს და ბუნებრივია, მყარი ლარი უფრო აწყობს. კერძოდ, 2026 წლის გაზაფხულზე "ოცნების" მთავრობა $500-მილიონიან ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს. ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით მთავრობა 2021 წელს გამოშვებულ ევრობონდს დაფარავს, შესაბამისად, მის რეფინანსირებას მოახდენს.

„წერტილთან“ ინტერვიუში არჩილ იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა პროფესიული სიმტკიცე, როდესაც საერთაშორისო ტენდენციების საპირისპიროდ, რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა.

„მცირე ზომის ეკონომიკის ცენტრალური ბანკისგან დიდ გამბედაობას მოითხოვს, როდესაც ის სწორ სიჯიუტეს იჩენს. მაშინ, როცა წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა რეფინანსირების განაკვეთები შეამცირეს, სები აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას კიდევ გაზრდიდა. ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური ნაბიჯი,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები