Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ წლის დასაწყისიდან ლარი დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში გამყარდა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, ლარის გამყარებას ხელი სავალუტო შემოდინებებმა, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაციებმა და გლობალურად დოლარის სისუსტემ შეუწყო. ამ ფონზე კი რეზერვები 5.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ეკონომისტმა მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ Galt & Taggart-ის პროგნოზით, მომავალი წლისთვის ლარის კურსი საშუალოდ იგივე დონეზე შენარჩუნდება.
"წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებშია გამყარებული, შეიძლება ოდნავ მაღალი იყოს. ეს გამყარება ეფუძნება ერთი მხრივ იმას, რომ სავალუტო შემოდინებები მაღალია. მეორე, კონვერტაციები აგვისტოში გაჩერდა, თუმცა მანამდე გრძელდებოდა. ამას ვხედავთ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელში და დოლარი, რომელიც გლობალურად სუსტი რჩება. აი, ამ ფაქტორებმა ეროვნულ ბანკის მიერ რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი. წლის დასაწყისში თუ $4.4 მილიარდი იყო, აგვისტოს მონაცემებით ეს უკვე $5.2 მილიარდამდე გაიზარდა და სწორედ აი, ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა $1.5 მილიარდის შეისყიდა, რაც რეკორდულად მაღალია. $5.2 მილიარდი, ეს არის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები და ამას თუ გამოვაკლებთ ეროვნული ბანკის ვალდებულებებს კომერციული ბანკების მიმართ და ასევე სავალუტო ფონდის მიმართ ის რაც რჩება, ეს არის წმინდა რეზერვები, რასაც ეროვნული ბანკი თვითონ განკარგავს. ეს $2.5 მილიარდი არის ჩვენი შეფასებით, აგვისტოს მდგომარეობით და მნიშვნელოვნად გაზრდილი არის ესეც. 2023 წლის ბოლოს სხვათაშორის, ოდნავ მაღალი - $2.8 მილიარდის ფარგლებში ფიქსირდებოდა. ეს $2.5 მილიარდი საკმაოდ კარგი მოცულობაა იმისთვის, რომ თუ გაცვლით კურსზე რაიმე ერთჯერადი შეტევა იქნება, ეროვნული ბანკი თამამად ჩაერევა და გაანეიტრალებს. ზოგადად, თვითონ ადეკვატურობა რეზერვების მთლიანი დონიდან ფასდება და მთლიან დონეში, მაგალითად, ერთ-ერთი მაჩვენებელი საქონლისა და მომსახურების იმპორტია. თუ მხოლოდ ავტომობილებს გამოვთიშავთ იმპორტის ნაწილში, იმიტომ, რომ დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, მაშინ ადეკვატური არის რეზერვების ეს მაჩვენებელი, რადგან დაახლოებით სამ-ნახევარი თვის იმპორტის ჯერადი რეზერვები გვაქვს, ანუ ეს არის გარკვეულწილად ბუფერი იმისათვის, რომ მოკლევადიან, ერთჯერად შოკებს უპასუხოს.
მომავალი წლისთვის, ჩვენი პროგნოზი არის, რომ ლარის კურსი საშუალოდ იგივე დონეზე იქნება, რაც მიმდინარე წელს და ამაში ლომის წილი ექნება იმას, რომ დოლარი კვლავ მოსალოდნელი არის, რომ გლობალურად სუსტი დარჩეს",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.




























