მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავარაუდოდ, საქართველოდან ჩინეთში ქათმის ფეხები გავა - მეფრინველეობის ასოციაცია

ქათმის ფეხები

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა, საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი bm.ge-სთან შეაფასა. მემორანდუმის მიხედვით, ქართული ქათმის ხორცს ჩინეთის ბაზარზე გატანის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც უჩუმბეგაშვილმა BM.GE-სთან აღნიშნა, დიდი ალბათობით, ჩინეთში საქართველოდან ქათმის ფეხები გავა - პროდუქტი, რომელიც იქ დელიკატესად მიიჩნევა და განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში საქართველომ მიმდინარე წლის 9 თვეში, 30.7 მლნ აშშ დოლარის 17 918 ტონა ქათმის ხორცი შეიძინა.

„შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა, თუ ჩვენ ჩინეთიდან ამდენ ქათმის ხორცს ვყიდულობთ, მათ ჩვენი პროდუქტი რაში სჭირდებათ? საქმე ისაა, რომ ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად ქათმის ფილე შემოდის, ანუ თეთრი ხორცი, მკერდის ნაწილი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ჩინეთში კი, პირიქით, ქათმის ფეხები ითვლება დელიკატესად და ისინი ამ ნაწილებს მთელ მსოფლიოში ეძებენ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, შინაარსობრივად ამ კონტრაქტში ეს დევს, რომ ჩინეთში საქართველოდან ქათმის ფეხები გავიდეს”, - განმარტა უჩუმბეგაშვილმა.

მისი შეფასებით, ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია ქათმის ხორცის მიმართულებით და მაშინ, როდესაც საქართველო, საკუთარ ბაზარზე ადგილობრივი წარმოებით მოთხოვნის მხოლოდ 30%-ს აკმაყოფილებს, ჩინეთის ბაზრის სრულად დაკმაყოფილების რესურსი არ აქვთ : „გამორიცხულია ახლა ჩინეთში ჩვენ ისეთი რაოდენობის ქათამი გავიტანოთ, რომ ეს ბაზარი დავაკმაყოფილოთ. ამ ეტაპზე, ადგილობრივი წარმოება, მხოლოდ 30-32%-ით აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნას ქათმის ხორცზე, შესაბამისად, ჩინეთის ბაზრის სრულად უზრუნველყოფის რესურსი საქართველოში უბრალოდ არ არსებობს“.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, ქათმის ფეხებზე ფასების ზრდას, უჩუმბეგაშვილის პროგნოზით, პროდუქციის ღირებულების კორექცია მოსალოდნელი არ არის.

„ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც საქართველოში მოთხოვნადია, იგივე ფილე, ბარკლები და ფრთები, იმპორტით შემოდის და ადგილობრივ წარმოებასაც აქვს თავისი წილი. ჩინეთში კი გავა მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც ჩვენთან მაინცდამაინც პოპულარული არ არის“, - განაცხადა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

უჩუმბეგაშვილის შეფასებით, შეთანხმება შესაძლოა, პირიქით, ადგილობრივი წარმოების ზრდასაც შეუწყოს ხელი, რადგან ახალი საექსპორტო მიმართულება ქართველ მეფრინველეებს დამატებით მოტივაციას მისცემს.

მემორანდუმი გაფორმებულია - საქართველო ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტს შეძლებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები