რძის მწარმოებელი მეურნეობა „ელიას კალთა“ წლის ბოლომდე ნედლი რძის წარმადობის 25%-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, ზურა მასურაშვილმა განაცხადა.
ამჟამად „ელიას კალთა“ დღეში 6 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. კომპანიის ფერმაში 300 სული პირუტყვია. წარმოებული რძის 60% „სოფლის ნობათს“, 20% – „თელეთის რძის პროდუქტებს“, ხოლო დარჩენილი მცირე მოცულობა სხვადასხვა კომპანიებს აწვდიან.
„წარმადობა ჯერჯერობით იგივე გვაქვს, როგორც გასულ წელს, ვინაიდან მოთხოვნა არ იყო. გვაქვს პოტენციალი და ტექნიკური ბაზა, შესაბამისად, თუ მოთხოვნა გაიზრდება, წარმოებასაც გავზრდით“, – აღნიშნა მასურაშვილმა და დასძინა, რომ მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს, ვინაიდან მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ნედლი რძის მწარმოებელზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.
„მინისტრ დავით სონღულაშვილის დანიშვნის შემდეგ, დაილუქა ის კომპანიები, რომლებიც რძის ფხვნილს იყენებდნენ წარმოებაში. შედეგად, ნედლ რძეზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ბატონმა დავითმა [სონღულაშვილმა] მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირობა მოგვცა, რომ უპირატესობა ნედლ რძეს მიენიჭებოდა. ეს დაპირება შეასრულა და რამდენიმე თვეში უკვე რეალურად იქცა,“ – აღნიშნა მასურაშვილმა.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტომ, ივლისში არარეგისტრირებული რძის გადამმუშავებელი საწარმოების ინსპექტირებისას, 60-ზე მეტი უკანონო საწარმო გამოვლინდა.
„ელიას კალთას" დამფუძნებლის თქმით, წარმოების ზრდისთვის კომპანიას წელს დაახლოებით 33 სული პირუტყვის შეძენა სურს ესტონეთიდან, რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემს საწარმოს, გაზარდოს ნედლი რძის წარმოება.
ინფორმაციისთვის, საქართველოში რძის იმპორტი დაახლოებით 28%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ქვეყანაში 12,4 მლნ აშშ დოლარის 11 107 ტონა რძის და ნაღების იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 8,9 მლნ აშშ დოლარი და 7539 ტონა იყო. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელსაც მოჰყვება პოლონეთი, რუსეთი და საფრანგეთი.




























