მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახე-დარმა“ ვირის რძისგან ფხვნილის წარმოება დაიწყო

5fbbd887d0e24
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 10:46
1955
ვირების ფერმის „სახე-დარის“ მმართველმა თემურ ლომიძემ 2 თვეა, რაც ვირის რძისგან რძის ფხვნილის წარმოება დაიწყო.
როგორც BM.GE-ისთან საუბრისას თემურ ლომიძე აღნიშნავს, ფერმის დღიური წარმადობა ამ ეტაპისთვის დღეში 5 ლიტრს შეადგენს, რაც ფერმერს რძის ფხვნილი წარმოების და ექსპორტზე გატანის საშუალებას აძლევს.

„1 ლიტრი რძის ღირებულება 60 ლარია. 1 კგ რძის ფხვნილის დამზადებისთვის კი, 10 ლიტრი რძეა საჭირო. სამაგიეროდ 1 კგ ვირის რძის ფხვნილის საბაზრო ღირებულება 400 ევროა“, - აცხადებს თემურ ლომიძე.

მისი თქმით, ფერმის ამოქმედებისას რძის ფხვნილზე მოთხოვნა ჩინეთიდან იყო, თუმცა მათი ფერმის წარმადობა მაშინ იმდენად მცირე იყო, რომ ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ.

„რძის ფხვნილზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რადგან ის ადვილად ინახება, ადვილად ტრანსპორტირებადია, კოსმეტიკაში ადვილად მოიხმარენ და ადვილად ბრუნდება რძის ფორმაში. ფხვნილის წარმოება 2 თვეა რაც დავიწყეთ და პირველი სატესტო მოცულობა - 4 კგ აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ გავიტანეთ“, - უთხრა BM.GE-ის ფერმა „სახე-დარის“ დამფუძნებელმა.

თემურ ლომიძის თქმით, მათ მიერ ვირის რძის გამოყენებით წარმოებული კოსმეტიკური საშუალებები „ვირუკელა“ აშშ-ში კარგად იყიდება და ფერმერი იმედოვნებს, რომ რძის ფხვნილზეც მოთხოვნა იქნება.

„დღეისთვის 500 ლიტრი რძისგან ვაწარმოოთ რძის ფხვნილის წარმოებისა და ექსპორტზე გაგზავნის შესაძლებლობ გვაქვს. 50 კგ ვირის რძის ფხვნილი ცოტა არ არის და თუ იქნება დიდი მოთხოვნა, მზად ვართ, მხოლოდ ფხვნილის წარმოებაზე გადავიდეთ. მთავარია, რომ კოსმეტიკური ბრენდი შექმნილი გვაქვს და ბაზარი მეტ-ნაკლებად გვიცნობს“, - უთხრა BM.GE „სახე-დარის“ დამფუძნებელმა.

თემურ ლომიძე ამბობს, რომ დღეისთვის რძის ფხვნილს „ბაქტერიოფაგთან“ თანამშრომლობით აწარმოებენ, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად საკუთარი საწარმოო ხაზის ამოქმედებაზეც იფიქრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები