მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო “ბორჯომის” მეწილეა - აიღებს თუ არა ბიუჯეტი დივიდენდს ჰოლდინგის მოგებიდან?

64649d3a21ea7
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.23 09:33
1713
IDS Borjomi International-ი დსთ-ში მინერალური და მტკნარი წყლების უმსხვილესი მწარმოებელია. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ჰოლდინგის გაყიდვები ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება, მისი წმინდა მოგება კი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე 60 მილიონ დოლარამდე იყო.

ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტს სანქცირებული რუსი მილიარდერების მიხაილ ფრიდმანის და პეტრ ავენის “ალფა ჰოლდინგი” ფლობდა. თუმცა, გასულ წელს დასავლური სანქციების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კომპანიის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის კომპანიის პარტნიორი გამხდარიყო და შედეგად, მასში ფრიდმანის და ავენის წილი 50%-ზე დაბლა დაეყვანა.

2022 წლის ივნისში IDS Borjomi International-ის (ანუ Rissa Investments Limited-ის) აქციათა 7.73% საქართველოს სახელმწიფოს გადაეცა, ამასთან კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ სახელმწიფომ გიორგი მაისურაძე დანიშნა.

საჯაროდ გამოქვეყნებულია Rissa Investments Limited-ის 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი 254 მილიონი დოლარი, წმინდა მოგება კი 30.9 მილიონი დოლარი იყო. ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია რამდენი მილიონი დოლარი იყო კომპანიის სრული წმინდა მოგება.

BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილით, იმის თაობაზე გასცემს თუ არა ჰოლდინგი 2022 წლის წმინდა მოგებიდან დივიდენდებს და უშუალოდ საქართველოს ბიუჯეტი რამდენი მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს აქციათა მინორიტარული პაკეტიდან.

ბორჯომი ჰოლდინის (Rissa Investments Limited-ის) აქციონერების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, IDS Borjomi International-ი ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო. 2021 წელს კი მისმა გაყიდვებმა 558 მილიონ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები