მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

6058609bbb808
ინგა მურუსიძე
22.03.21 13:21
918
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. ამაზე საუბარია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშიც. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ის პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს.

20 მარტს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღება კონკურსის გამოცხადებიდან, ანუ 20 მარტიდან, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს თანამდებობაზე 3 წლის ვადით დაამტკიცებენ; თანამდებობრივი სარგო/ხელფასი შეთანხმებით განისაზღვრება.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი?

უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის, ან ენერგეტიკის, ან სამართლის, ან სხვა დარგში;
10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 5-წლიანი აღმასრულებელ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომლითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან;
უცხო ენა: ინგლისური.

რა დაევალება საბჭოს წევრს?

სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულება კომპანიის წესდების, OECD სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, მათ შორის: კორპორაციული სტრატეგიის შემუშავება და აქციონერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კორპორაციული სტრატეგიის შესრულების, წლიური ბიზნესგეგმის, ბიუჯეტის მონიტორინგი; კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება, სახელფასო პოლიტიკის შემუშავება; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შერჩევა.

ცნობისთვის: რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსულმა სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22.2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა - ამის შესახებ BMG-ს კომპანიაში განუცხადეს. სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილობითი პასუხის მიხედვით, მათი შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ფლობიდან გასულ წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

2020 წლამდე კომპანია “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის”პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.

კომპანია ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის შეღავათიანი კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები