ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის.
„ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.
ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა
ამ პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდირების სქემით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი სახის შეკრებების, გამოფენების, კონფერენციების, შეხვედრების და წვეულებების ორგანიზატორებს.
პროგრამა გულისხმობს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ გადარიცხული სუბსიდირების თანხის გამოყენება კომერციულ ბანკს შეუძლია როგორც სესხის ძირის, ასევე საპროცენტო სარგებლის დასაფარად, რაც ერთმნიშვნელოვნად ბენეფიციარების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებაა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების სუბსიდირების შესაძლებლობასაც.
როგორც ყველა სხვა პროგრამაში, აღნიშნული სქემის სამიზნე სუბიექტები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. კერძოდ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკმაყოფილებს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.
ამასთან, ვინაიდან აღნიშნულ ინდუსტრიაში პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური მოცემულობიდან გამომდინარე ხშირია სესხების რეფინანსირების შემთხვევები, პროგრამა ითვალისწინებს იმ რეფინანსირებული სესხის დაფინანსების შესაძლებლობასაც, რომლითაც დაფარულ/გადაფარულ იქნა არა მხოლოდ თავად მეწარმე სუბიექტზე, არამედ მის დამფუძნებელზე გაცემული მიზნობრივი კრედიტიც.
საკრედიტო საგარანტიო სქემა
პროგრამას ემატება ეკონომიკური საქმიანობის 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება.
ამასთანავე, პროგრამას ემატება 9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა), სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გამარტივდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კვალიფიციური პორტფელის დათვლის წესი.
თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პირობებით გამოცხადდება განცხადებების მიღება პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.
ცვლილების მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს შერეული მიზნობრიობის მქონე სესხები. რაც გულისხმობს იმას, რომ წინა ეტაპებისგან განსხვავებით დაფინანსების შესაძლებლობა აქვთ იმ მსესხებლებსაც რომელთა მიერ აღებული სესხების არანაკლებ 80 % მიმართულია სასტუმროს შეძენის /მშენებლობის /გაფართოების /აღჭურვის /რემონტის /რეკონსტრუქციის /სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენისთვის.
ამასთან, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად გამარტივდა თანადაფინანსების მექანიზმის თანხის დათვლის წესი. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად დათვლა მოხდება 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80 %-ის ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით
„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტი
არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში .
დღეიდან კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ მიმართულებას დაემატება 2 ახალი ეკონომიკური საქმიანობა: კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საქმიანობების ფარგლებში დასაშვებია როგორც სესხის თანადაფინანსების, ასევე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სესხის გარანტირების პარალელური გამოყენება. მათ შორის არის კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები.
„აწარმოე საქართველოში“ 6 წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის მხარდაჭერით ახორციელებს.