მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამით 2 700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული

614acdf9d1fea
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 11:12
512
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ პანდემიის პერიოდში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ, 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს - ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.

უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამამუშავებელ კომპანიაში „აჩინებული“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„10 სექტემბრიდან დაიწყო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი, ფერმერებს საშუალება აქვთ პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ კომპანიებში სამრეწველო ვაშლი ჩააბარონ. პროგრამაში შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან 10-მდე ხილის გადამამუშავებელი საწარმოა ჩართული. 21 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე 2 700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული“, - განაცხადა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

კომპანია „აჩინებული“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფოს დახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით არის შექმნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები