საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელწმიფო საგადასახადო პოლიტიკას არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აკორექტირებს. ამის შესახებ მინისტრმა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაციაზე ჟურნალისტების მიერ საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საგადასახადო ცვლილებები ორი მიზნით იგეგმება: მოწყვლადი ჯგუფების სწორი საკომპენსაციო პაკეტების შემუშავება და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
„გუშინ ფინანსთა მინისტრმა მთავრობაზე ცვლილებების პაკეტი წარადგინა, გარკვეული ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში იგეგმება - საგადასახადო შეღავათების გადავადება მოხდა, ასევე კორექტირება მოხდა ესტონური მოდელის კუთხით ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის მიერ ეს ცვლილებები, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დამტკიცდება. ეს ადეკვატური პოლიტიკაა იმ რეალობაზე, რომელიც გვაქვს, ანუ სახელმწიფო, სიტუაციიდან გამომდინარე აკორექტირებს პოლიტიკას, იმისთვის რომ ქვეყანაში, ერთი მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია სწორად განვახორციელოთ და მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა და მდგრადობა. დღეს, ჩვენი ბიუჯეტის სულისკვეთება სწორედ ეს არის. ამას ეხება მთავარი აქცენტები, რადგან მსოფლიოში ძალიან დიდი გაურკვევლობაა, მსოფლიო ეკონომიკების მოსალოდნელი რეცესიებიდან გამომდინარე. ამიტომ ხდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის სწორი საკომპენსაციო პაკეტების შეთავაზება, ამავე დროს საქართველოს ბიუჯეტში შენარჩუნებულია აქცენტი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კაპიტალურ დანახარჯებზე, რათა ეკონომიკამ მომავალში ზრდა გააგრძელოს და იყოს მდგრადი“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი აღარ ამოქმედდება, ასევე ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზრდება.