მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების გაყიდვიდან მიღებული თანხით ვალები დაიფაროს - ბეჟან წაქაძე

60c70bb9a01c0
ინგა მურუსიძე
14.06.21 12:05
703
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ვალების დასაფარად უნდა მიემართოს. განცხადება მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და მთავრობას სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ვფიქრობ, ძალიან ინტენსიურად არის სამუშაო მიმდინარე წელს, რომ ჩვენი ფინანსური პაკეტი გავაჯანსაღოთ. მხედველობაში მაქვს ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა - რაც შეიძლება მცირე თანხით გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს ქვეყანამ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს ქვეყანაში არსებული სახელმწიფო საწარმოები, მოხდეს მათი დახარისხება და მათი თუნდაც პირობითი, გარკვეული ვალდებულებითი რეალიზაციით, გარკვეული თანხა უნდა შევიტანოთ ბიუჯეტში და შემდეგ ეს თანხა უნდა იყოს მიმართული ვალების დასაფარად“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

მისივე თქმით, "ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების - პირდაპირ ბიუჯეტში და არა - ეკონომიკისკენ მიმართვა, არ შეიძლება".

ამ ინიციატივის კომენტირებისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ „რიგ შემთხვევაში, პრივატიზაცია ყველაზე სწორი იქნება, რიგ შემთხვევაში კი, შეიძლება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უფრო საჭირო იყოს. „რადგან დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლოა, პრივატიზაციისას ისეთი ფასი დაფიქსირდეს, რომ არაგონივრული იქნება არაადეკვატურ ფასად ქონების გაყიდვა“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტიანობის გასაზრდელად ერთიანი სისტემის შექმნაზე ისაუბრა. 

„მე ვფიქრობ, აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთი ფანჯრის პრინციპით. ეს გაცილებით ეფექტიანი და კონტროლირებადი იქნება, ვიდრე დღეს არის, რადგან ყველა სამინისტრო თავის ინფრასტრუქტურას ახორციელებს. ყველა უწყებას აქვს თავისი მიმართულებები. აი, ასეთი ინოვაციებით და ახალი მიდგომებით უნდა გადავტეხოთ წელში ჩვენი ვალის პრობლემა და ეკონომიკის ზრდაში გაცილებით მეტი თანხა ჩავდოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

"არ მგონია, რომ იდეალური ვარიანტი იყოს ყველანაირი ინფრასტრუქტურული პროექტის ერთი სამინისტროს ქვეშ მოქცევა; საბოლოო ჯამში, ეს გარკვეულ პრობლემებამდე მიგვიყვანს", - აღნიშნა თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ "ოცნების" დეპუტატის კითხვის პასუხად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები