მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო სექტორში ბიომეტრიის გამოყენების მზაობაა - კომპანია Kvalifika

5f6f8a8685a54
მადონა გასანოვა
26.09.20 22:27
1609
Kvalifika ქართული კომპანია, რომელიც სახის ამოცნობის ბიომეტრიულ ტექნოლოგიაზე მუშაობს. სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გაბრიელ მელივა BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეს საქართველოს საჯარო სექტორში ბიომეტრიული ამოცნობის სისტემების უფრო აქტიურად გამოყენებისთვის მზაობა არსებობს.

„ბიომეტრიის გამოყენების მზაობა არსებობს, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორი არის ამ მხრივ შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა,"- განაცხადა მელივამ.

სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, ბიომეტრია იდენტიფიცირების უფრო სწრაფი და იაფი მექანიზმია, ვიდრე ადამიანის აუთენტიფიკაციის სხვა ალტერნატიული მეთოდები. „დარწმუნებულები ვართ, რომ მალე დადგება დრო როდესაც სახელმწიფო სექტორშიც ისევე აქტიურად გამოიყენებენ კლიენტის იდენტიფიცირების ამ მექანიზმს, როგორც კერძო სექტორში“.

Kvalifika-ს პროდუქტის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება დისტანციურად. კერძოდ სისტემა 3D ბიომეტრიის მეშვეობით ადგენს მომხმარებლის ბიომეტრიულ შაბლონს და ადარებს მას პირადობის დოკუმენტზე არსებულ სურათთან.

„ჩვენი გადაწყვეტა, განსხვავებით ცნობილი ანალოგებისგან, როგორიცაა Amazon Rekognition, ქმნის სახის 3D რუკას და ახდენს ადამიანის პირადობაზე არსებულ სურათთან შედარებას. საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობა ნათლად დავინახეთ, ამას რეგულატორმაც ხელი შეუწყო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა ეს სერვისი შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის,“ - განაცხადა მელივამ.

Kvalifika–ს გუნდი აღნიშნული ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაციას გეგმავს სამთავრობო უწყებებისთვის და საჭიროების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათთვის აღნიშნული სერვისების უსასყიდლოდ გადაცემასაც აპირებს.

"თავიდანვე დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენს სისტემაში კრიტიკული პროცესების მართვა მოგვეხდინა მსოფლიოში ავტორიტეტული კომპანიების ტექნოლოგიური გადაწყვეტებით. მათ შორის, ბიომეტრიის ნაწილში სისტემის დაცულობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს კომპანია Facetec-ი, რომელიც ახდენს მის პერიოდულ ტესტირებას ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კიბერ უსაფრთხოების კომპანიის მიერ როგორიცაა Praetorian. ცნობისთვის Praetorian-ის სერვისს იყენებს Google-ი, Microsoft-ი და Samsung-ი,“ განაცხადა Kvalifika–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა.

პოტენციური მომხმარებლების შესახებ საუბრისას კი სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ საბანკო სექტორი დღეს ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების დანერგვაში უდავო ლიდერია. მისი თქმითვე, ინოვაციებისადმი გახსნილობით ასევე გამოირჩევიან სადაზღვევო და სათამაშო ბიზნესის სექტორები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები