მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო შეეცდება, უხეშად, ნაჯახით, დაჯარიმებებით დაიწყოს კლინიკების „მოთოკვა“ - ჭიაბერაშვილი

6422a30beda16
სალომე ხიდურელი
02.04.23 23:22
512
„დაფინანსების სქემა რომ არ შეეცვალა სახელმწიფოს, დღეს ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით“ - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლის თავზე ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას BMGTV-ს გადაცდემა „საქმიან დილაში“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აფასებს.

მისი მოსაზრებით, ხელისუფლების მიერ შემოღებული საყოველთაო დაზღვევის სისტემა სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა დაფინანსების სქემის ცვლილებამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია.

„2013 წლისთვის, როდესაც სიტყვა „საყოველთაო“ გამოიყენა ხელისუფლებამ, რომელიც არა მარტო ყურს ხვდებოდა კარგად, არამედ რეალურ საჭიროებას ასახავდა, ეს სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ მე ვთქვი, რომ გავრცელდეს სამედიცინო დაზღვევა ყველაზე, რა თქმა უნდა, უნივერსალურობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მაგრამ არ შევცვალოთ დაფინანსების სქემა, ანუ ფული ბიუჯეტიდან სადაზღვეო კომპანიების გავლით წავიდეს.

ეს სქემა რომ არ შეეცვალა სახელმწიფოს, ჯანდაცვა იქნებოდა გადართული პრევენციაზე, ნაკლები საჭიროება და ხარჯი გვექნებოდა ჰოსპიტალურ მხარეს, მეტი ფული გვექნებოდა მედიკამენტებისთვის, არა მხოლოდ ქრონიკულად დაავადებულებისათვის, არამედ მთელი მოსახლეობისათვის“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოში რომ დაფინანსების 2013 წლამდელი სისტემა შენარჩუნებულიყო, ქვეყანაში DRG სისტემის საჭიროება არ იარსებებდა.

„DRG რომ შემოგაქვს, უნდა გაითვალისწინო სხვა ქვეყნების წინაისტორია. DRG დაიბადა იმ ტიპის მოდელებში, სადაც სახელმწიფო ვერ გამოვიდოდა თავისი პასუხისმგებლობიდან და მოდელები შექმნა იმისთვის, რომ ხარჯები გაკონტროლებულიყო. საქართველოში ამის საჭიროება არ იარსებებდა, თუკი 2013 არსებულ მოდელს გავაგრძელებდით“, - განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კითხვაზე, თუ რა შედეგებს მოიტანს ჯანდაცვის სფეროში ხელისუფლების მიერ კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების მკაცრი კონტროლი და ის გამაფრთხილებელი განცხადებები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ბოლო დროს აკეთებენ, ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხი მკვეთრად გაუარესდება.

„კლინიკებში, რომლებიც დამოკიდებულები არიან 80%-ით, ან შეიძლება მეტითაც, ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, ხარისხი მუდმივად დაიწევს, იმიტომ, რომ ახლა სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა აქვს - შეამციროს ხარჯები. ამიტომ ის შეეცდება, ადმინისტრაციული მეთოდებით, უხეშად, ნაჯახით, დაჯარიმებებით დაიწყოს კლინიკების „მოთოკვა“, რაც ძალიან სამწუხარო იქნება.

კლინიკებში, სადაც ნაკლებად არიან სახელმწიფოზე დამოკიდებულები და ძირითადად ემსახურებიან კერძო კომპანიებით დაზღვეულებს და ჯიბიდან გადამხდელებს, იქ ფასები იმდენად გაიზრდება, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი უთანასწორობა ჯანდაცვის სფეროში. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისათვის იქნება ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები