"აგარის შაქრის" კომბინატმა მუშაობა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისიდან განაახლა. ის ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა.
როგორც ცნობილია, "აგარის შაქარი" იმიტომ გადავიდა კონსერვაციის რეჟიმში, რომ ის იმპორტირებულ პროდუქტს ვერ უწევდა კონკურენციას, თუმცა სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების წყალობით, კომპანია 1 ივნისიდან სატესტო რეჟიმში ამუშავდა ერთი მთავარი პირობით - "აგარის შაქარს" იმპორტირებული პროდუქტის 50% უნდა ჩაენაცვლებინა.
სახელმწიფოს დახმარების შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ "აგარის შაქარს" შეღავათიან ფასში მიეწოდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან ბუნებრივი აირი, ასევე, "საქართველოს რკინიგზა" ლოგისტიკური მომსახურების შეღავათიან ფასში გაწევას ჰპირდებოდა.
„ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარმოება და აგარის შაქრის ღირებულება იყოს კონკურენტული, მდგრადი, და აქ დასაქმებულმა 500-მდე ადამიანმა ხელფასები დროულად მიიღოს", - აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
როგორც მისი დამფუძნებლის წარმომადგენელი BM.GE-ისთან აცხადებს, პანდემიის პირობებშიც „აგარის შაქარი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. „ქარხანა არ გაჩერებულა და არც გაჩერდება წლის ბოლომდე", - ამბობს ნიკოლოზ ნათბილაძე, თუმცა რა იქნება წლის ბოლოს - ისევ მოუწევს თუ არა დახურვა ქარხანას, თუ სახელმწიფო ისევ გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ამის შესახებ ჯერ ვერ საუბრობს.
„ჯერჯერობით, ეს არ არის ცნობილი, ვინაიდან უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებს ნათბილაძე.
რაც შეეხება იმპორტის 50%-იან ჩანაცვლებას, რაც მთავარი პირობა იყო და რის გამოც „აგარის შაქარს“ მთავრობამ მხარდაჭერა გამოუცხადა, bm.ge-ის კითხვას ნათბილაძე ასე პასუხობს: „ზუსტად 50%-ია თუ 50%-ზე მეტი, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ის რაოდენობა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ 60 ათას ტონამდე გადავამუშავებდით ამ პერიოდში, ეს ნამდვილად მოხერხდება“.
კიდევ ერთი საკითხი - ლარის კურსის მერყეობის წარმოებაზე გავლენაა; როგორც ნიკოლოზ ნათბილაძე განმარტავს, ფასები შაქარზე კურსის მერყეობის მიმართულებით კორექტირდება და დღევანდელ ფასს არა საერთაშორისო ტრენდი, არამედ სწორედ ლარის პოზიციონირება განსაზღვრავს.
„სანამ ქარხანა გაიხსნებოდა, რომ შევადაროთ ფასები დოლარში ტონაზე, დღეს გაიაფებულია შაქარი, მაგრამ ლარის კურსიდან გამომდინარე ლარზე დადარებისას სხვა სურათია. 440-450 დოლარი თუ ღირდა 1 ტონა შაქარი მაისში (სანამ გავიხსნებოდით), ახლა ღირს $420“, - აცხადებს ნათბილაძე.
რაც შეეხება საწარმოს სამომავლო გეგმებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა სახელმწიფო მათ მხარდაჭერას, შესაბამისად, უცნობია გააგრძელებს თუ არა „აგარის შაქარი“ ოპერირებას დამოუკიდებლად, თუ ისევ გაჩერდება. „2021 წელზე გეგმები ჯერ არ გვაქვს, არ ვიცით, როგორ გავაგრძელებთ ოპერირებას“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
აქვს თუ არა უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია მთავრობას "აგარის შაქრის" მომავალთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე პასუხს BM.GE ეკონომიკის სამინისტროსგან ელის.