მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო თურქეთიდან წამლების დაბალ ფასში შემოტანას გეგმავს - რამდენად რეალურია ინიციატივა?

614e006c18b69
ანუკა ჯოხაძე
25.09.21 00:25
1381
თურქეთმა საქართველოს, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, შესაძლოა, ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილესთან გაიმართა.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები აღნიშნულ შესაძლებლობაში მნიშვნელოვან რისკებს ხედავენ. ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტების შესყიდვის პროცესში სახელმწიფო ჩაერთვება, კლინიკებს პაციენტების დიფერენცირება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტებით საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართული სუბიექტები ისარგებლებენ, ხოლო სხვა დანარჩენის მკურნალობა განსხვავებული მედიკამენტებით მოხდება.

“იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფო შემოიტანს კონკრეტული მედიკამენტების ჯგუფს, შესაძლოა მისი გამოყენება სავალდებულო გახდეს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში მყოფი პაციენტისთვის. ვფიქრობ, გაჩნდება განსხვავება, მაგალითად კერძო დაზღვევით შემოსულსა და საყოველთაო დაზღვევაში ჩართულ პაციენტებს შორის. დღეს ყველა მათგანის მკურნალობისას ერთნაირი მედიკამენტები გამოიყენება. ამას ასევე მოჰყვება პროცესი, თუ რა რაოდენობის მედიკამენტი შემოიტანა სახელმწიფომ, რამდენად სწორად იყო გათვლილი რაოდენობა. შეიძლება ერთ თვეში მეტი დასჭირდეს ქვეყანას, ვიდრე სხვა თვეებში. ალბათ იქნება კვოტაც, ვერ გაიტან იმაზე მეტს, ვიდრე შენ გეგონა, რომ გჭირდებოდა. ამ დროს უკვე ან შენ გარბიხარ და ყიდულობ მედიკამენტს სხვისგან ან პაციენტის გარბის და ის ყიდულობს. საკმაოდ ბევრი რისკები შეიძლება იყოს", - აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი.

ინიციატივას კრიტიკულად აფასებს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მედიკამენტების შესყიდვის პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა გაუმართლებელია და ნაკლებადაა სავარაუდო, რომ საქართველომ სახელმწიფო შესყიდვების გავლით თურქეთიდან მედიკამენტების დაბალ ფასში შეძენა შეძლოს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რაც 2009 წელს ამერიკასთან და ევროპასთან მიმართებით გაკეთდა. უფრო კონკრეტულად, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კანონიერი გახდა ხარისხიანი მედიკამენტების ე.წ.პარალელური იმპორტი. ჭიაბერაშვილის განმარტებით, წამლებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აღიარებული ქვეყნების სიას თურქეთიც უნდა დაემატოს.

“მარტივი გამოსავალი არსებობს. როცა ჩვენ ვიცით, რომ თურქეთში ხარისხიანი წამალი გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, დავუშვათ ის რომ რა წამალიც არის თურქეთში იაფი ეს წამალი თავისუფლად შემოდიოდეს ქართულ ბაზარზე, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. ისევე როგორც შემოდის ევროპაში, აშშ-ში, იაპონიაში ან სამხრეთ კორეაში რეგისტრირებული წამლები. ასეთ შემთხვევაში საავადმყოფოები თვითონვე შეისყიდიან მედიკამენტებს და არ დასჭირდება ამას ჯანდაცვის სამინისტროს ათასგვარი ბიუროკრატიული წინაღობა. ამას კი პირველ რიგში პაციენტები იგრძნობენ საკუთარ ჯიბეზე.”-აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

თურქეთიდან მედიკამენტების თავისუფალ შემოსვლას კრიტიკულად აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი გზით მედიკამენტების მაღალი ფასების პრობლემის მოგვარებას, ხარისხის კონტროლის გართულება და თურქეთიდან ფალსიფიცირებული მედიკამენტების შემოდინება მოჰყვება.

“რეალობიდან გამომდინარე დღეს თურქეთი ევროპული ქვეყნების რეგულაციებს ჩამორჩება. თურქული მედიკამენტი, თურქული შეფუთვით თუ არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული ქვეყანაში ვერ შემოვა. რა გამოვა იმ შემთხვევაში თუ გავამარტივებთ თურქეთიდან წამლების შემოტანას? ძალიან გაიზრდება რისკი, რომ იქნება მიმოქცევაში ფალსიფიცირებული მედიკამენტები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას", - ამბობს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი.

თურქეთიდან მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვების გავლით შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის გასარკვევად BM.GE დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა როგორც უწყებაში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით ისინი მეტ ინფორმაციას არ ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები