თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მემორანდუმი დაამტკიცა, რომელიც თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, ტრანზიტის საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის პირველადი ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანული გამოცემა Azernews-ის თანახმად, პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებაზე გადაწყვეტილება 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღეს. შეთანხმების მიზანია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაზიდული საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივება, პირველადი ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის გზით.
მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მოაწერა. აზერბაიჯანის მთავრობის სახელით, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, შაჰინ ბაგიროვმა. ხოლო თურქეთის სახელით, ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რიზა თუნა თურაგაიმ.
მარტის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის გაფართოებისა და სარემონტო სამუშაოები შუა დერეფნის კრიტიკულ სეგმენტში დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ წარმატებით დასრულდა 95% სარემონტო, რეკონსტრუქცია და სამშენებლო სამუშაოებია სარკინიგზო ხაზის 183 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადის საქართველოს კომპლექსის გეოგრაფიულ რელიეფში. სარკინიგზო ხაზის მოდერნიზების პირველადი მიზანი, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მარშრუტზე ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის მოზიდვაა.
მიმდინარე წლის თებერვალში, ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სწრაფად უნდა დასრულდეს.
„კრიტიკული გამოწვევების პერიოდში, ნათელია, რომ ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული პოტენციალის განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია. იმისათვის, რომ ჩვენთვის ამ რკინიგზიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, მისი განახლების სამუშაოები უნდა დასრულდეს სწრაფად“, - თქვა ერდოღანმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.