მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფოს ფოთის პორტის აკვატორიაში გარკვეული რეგულაციების შემოღება დასჭირდება” - Pace Group

605708da88bf8
ანუკა ჯოხაძე
21.03.21 13:30
1042
"სახელმწიფოს ფოთის პორტის აკვატორიაში გარკვეული რეგულაციების შემოღება დასჭირდება”, - ამის შესახებ BM.GE-ს Pace Group-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ირაკლი კერვალიშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, ფოთის პორტის აკვატორიაში PACE TERMINAL-ის სრულად ამუშავების შემდეგ სამი სუბიექტი იმუშავებს, შესაბამისად, გაიზრდება კომუნიკაცია. მისივე თქმით, „თუ სახელმწიფომ რეგულაციები არ დააწესა, ეს შეიძლება ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდეს“.

“ვინაიდან დღეს ფოთის პორტში სუბიექტების რაოდენობა იზრდება და ხვალ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, სახელმწიფოს თავის საკუთრებაზე რეგულაციების დაწესება დასჭირდება, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი, ერთი კომპანია არ იყოს უპირატეს მდგომარეობაში და არ მოხდეს მეორე კომპანიის დისკრიმინაცია. ჯერ ვმუშაობთ და ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ვფიქრობთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. მაგალითად, ტერმინალზე გემი უნდა შედიოდეს პარიტეტულ პირობებზე, რიგითობა უნდა იყოს დაცული, ვინც პირველი მოვა, ის შევიდეს და არა ისე, რომ მე მინდა, დღეს ჩემი გემები შემოვიყვანო და შენი - არა. გემების მოცდენა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე. ტვირთმფლობელი არ მოინდომებს ტვირთების აქ წამოღებას, თუ ლოდინი მოუწია. ასევე მნიშვნელოვანია საზღვაო ნავიგაცია და კონტროლი, ისე როგორც საჰაერო მიმართულებით ხდება”, - ამბობს Pace Group-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ირაკლი კერვალიშვილი.

ცნობისთვის: ფოთში, $93-მილიონიანი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომი შენდება. პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს. პროექტთან დაკავშირებით კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გაიმართა მოსმენა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი ფაზით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება.

ჯამურად, წლის განმავლობაში ახალი ნამვისადგომით 6.5 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდება. პროექტის ჯამური ღირებულებიდან 50 მლნ დოლარის კონტრიბუცია აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კოპრორაციაზე (DFC) მოდის, ხოლო დარჩენილი 43 მლნ დოლარი Pace Group-ის თანამონაწილეობაა. DFC-ის თანხის დაბრუნებას კომპანია 15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები