მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში ამოიწუროს

5de149c60e33a
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.19 20:16
2186

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ერთი თვისთვის მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება. 

იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის #520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ. 

თავისმხრივ ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალი ტარიფები სამართლია, ხოლო კლინიკების მიერ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების შემთხვევაში, ისინი ტარიფის გადახედვისთვის მზად არიან. 

სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც #520-ე დადგენილება მიიღეს.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ყოველწლიურად ვადაზე ადრე იწურებოდა 

2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ამ დროს, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები