მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯი ჯერ კიდევ არ არის იმ ნიშნულზე, რომელიც საკმარისი და ადეკვატურია - „კურაციოს“ პრეზიდენტი

64218c3abf0c6
ელენე გოგბერაშვილი
27.03.23 23:00
557
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის დასაწყისში ამოქმედდა. ამ 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ადამიანის, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.

პროგრამას მუდმივად მზარდი ბიუჯეტი აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლისთვის, მისი მოცულობა 880 მილიონი ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის პროგრამების, 2023 წლის, მთლიანი ბიუჯეტი კი (საყოველთაო და ვერტიკალური პროგრამები) – 1,450 მლნ. ლარზე მეტია, მაშინ, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე, ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი, სულ, 153 მილიონი ლარი იყო.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯი ჯერ კიდევ არ არის იმ ნიშნულზე, რომელიც საკმარისი და ადეკვატურია“ - ამის შესახებ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა განაცხადა. გარდა ბიუჯეტისა გიორგი გოცაძე სახელმწიფო პროგრამის გამოწვევად სამედიცინო მომსახურების ხარისხს და პროგრამის დაფარვას ასახელებს.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნამდვილად იყო მიღწევა,რადგან ჯანდაცვაში სახელმწიფოს დანახარჯის გაზრდა მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან სახელმწიფო დანახარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ვიტყოდი, რომ იგი არ არის ჯერ კიდევ იმ ნიშნულზე მისული, რომელიც საკმარისი და ადექვატურია, შემდგომი ზრდა აუცილებელია,რათა ჩვენ უფრო მეტი ფინანსური დაცულობა შევთავაზოთ მოსახლეობას. ასევე ნამდვილად გაიზარდა ხელმისაწვდომობა მოსახლეობის კუთხით, მაგრამ ეს ავტომატურად არ გადაითარგმნა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მოსახლეობის დონეზე -ვსაუბრობ, უკეთეს ჯანმრთელობაში, იმიტომ რომ ხარისხი ჯერ კიდევ რჩება დიდ გამოწვევად და აუცილებელია სწორედ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდა.

მესამე საკითხს, რასაც შევეხებოდი, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საწყის ეტაპზე ძირითადად მხოლოდ ჰოსპიტალური მომსახურება დააფინანსა, რაც აუცილებელი და საჭირო იყო მოსახლეობისთვის, თუმცა დღეს უკვე საქართველო ეკონომიკურად ისე წავიდა წინ, ისე გაიზარდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ პირველად ჯანდაცვას, პრევენციულ მედიცინას,რადგან პრევენციული მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის გარეშე ვერ მოხდება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და კეთილდღეობის გაზრდა.

საყოველთაო ჯანდაცვაში მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა პირველი ნიშანი მედიკამენტების დაფინანსების, დღეს როგორც იცით კიდევ გაფართოვდა მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მედიკამენტების კუთხით კვლავაც ბევრია გასაკეთებელი რომ გაიზარდოს მოსახლეობისთვის მისაწოდებელი მედიკამენტების სია და თანხა, რითაც სახელმწიფო დააფინანსებს, რომ მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის“,- აცხადებს გიორგი გოცაძე.

კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებს მნიშვნელოვნად შეამცირებს ე.წ შემავსებელი სადაზღვევო პროდუქტების დაშვება. ნინა კობახიძის განმარტებით, შედეგად პროგრამის ბენეფიციარები შეძლებენ იმ სამედიცინო სერვისებისა თუ პროდუქტების კერძო დაზღვევით შევსებას, რასაც სახელმწიფო არ ანაზღაურებს.

„იდეალურ სცენარში, რა თქმა უნდა იქნება კარგი, თუ ამ პროცესს ერთ წელიწადში ან რაღაც პერიოდში დავამატებთ იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა შეიძინოს კერძო სადაზღვევო პროდუქტები, ოღონდ იმ მოცულობით გაზარდოს თავისი ფინანსური სტაბილურობა და ის სერვისები დაიმატოს, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. შედეგად მოქალაქეს აღარ მოუწევს უფრო მეტის ჯიბიდან გადახდა, ვიდრე დღეს აკეთებს ამას“,- აცხადებს ნინა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები