მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 215 ადამიანი საქმდება - უწყების ხარჯები ₾15.6 მლნ-მდე გაიზარდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 15.6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოზე გაწერილი გადასახდელებს 5 მლნ ლარით აღემატება. ქვეუწყების ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 7 აგვისტოს 1267-ე განკარგულებით დამტკიცდა.

დოკუმენტის მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შტატით 107 სამუშაო პოზიციაზე 215 სამუშაო ადგილს ქმნის და შრომის ანაზღაურების ფონდი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს 7.1 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა გაწერილი ხელფასების მიხედვით თანამდებობრივი სარგოს სახით წელიწადში 8.3 მლნ ლარი გაიცემა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის შრომის ანაზღაურებაზე 6.2 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 აგვისტოს მთავრობის განკარგულებით, სააგენტოსთვის სახელფასო ხარჯები გაზრდილია.

როგორც განკარგულების თანდართული ცხრილებიდან ირკვევა, სააგენტოს დირექტორს სამი მოადგილე ჰყავს, აქედან ერთი პირველია.

აღსანიშნია, რომ 24 ივლისიდან სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. ივანე აბაშიძემ ამ პოსტზე ალექსი ახვლედიანი შეცვალა, რომელსაც მის სახლში თორნიკე რიჟვაძის მიერ ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ივანე აბაშიძე 2023 წლიდან სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე Columbia Shipmanagement Georgia LLC გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მისი სახელფასო ანაზღაურება თვეში 13 000 ლარით არის განსაზღვრული, რაც გადასახადებსაც მოიცავს. წელიწადში კი სახელფასო სარგოს სახით ის 156 000 ლარს აიღებს. დირექტორის პირველ მოადგილეს თვეში 10 100 ლარი აქვს ხელფასი, მეორე მოადგილეს 10 000 ლარი, ხოლო მესამე მოადგილეს 8 500 ლარი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააგენტოში დასაქმებული პირების პროფესიები ხშირ შემთხვევაში დეფიციტურია. ამასთან, ჰიდროგრაფიული კატარღის კაპიტნებისა და მისი თანაშემწის ხელფასი 3 000-დან 4 000 ლარამდეა. ყველაზე დაბალი სახელფასო ანაზღაურება კი პირველი კლასის მოტორისტს და რადიო-ნავიგაციური საშუალების ოპერატორს აქვს, 1 898 ლარს შეადგენს. ეს არის მთლიანი ხელფასი, რომელსაც საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები