ცენტრალური საარჩევნო კომისია ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დამატებით 7 საარჩევნო უბანს გახსნის - როგორც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, საარჩევნო უბნების გახსნის მიზეზი აღრიცხვაზე დამდგარი ადამიანების ჭარბი რაოდენობაა.
კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო უბნები გაიხსნება - ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში.
"არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მნიშვნელოვანია, რომ დროულად განხორციელდეს კომისიების დაკომპლექტება აღნიშნულ ლოკაციებზე კენჭისყრის დღის ადმინისტრირების მიზნით, რისთვისაც 2 დღის ვადა აქვთ დაინტერესებულ პირებს მიმართონ კომისიას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 3 დღის ვადაში ექნებათ შესაბამის უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, დანიშნონ აღნიშნულ უბნებზე თავიანთი წევრები“, - ამბობს ცესკო თავმჯდომარე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჯამში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რაც შეეხება საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი ემიგრანტების რაოდენობას, ვებგვერდ geoconsul.gov.ge-ზე ჩანს, რომ ამ დრომდე ასეთი საქართველოს 152 126 მოქალაქეა.