საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობებში სტაჟირების გავლა ანაზღაურება კანონით დარეგულირდება.
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ კი საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასაქმებული სტაჟიორების შრომის ანაზღაურებას ეხება.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება საგამონაკლისო ნორმა. ახალი რეგულაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (საელჩოები, საკონსულოები) სტაჟიორთათვის შრომის ანაზღაურების მიცემისა და მისი ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭება. ეს საკითხები სამინისტროს სამართლებრივი აქტით დარეგულირდება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
"სამინისტროს მიერ ანაზღაურებად სტაჟირებაზე პირთა მიღება იგეგმება იმ ქვეყნებში (10-12 ქვეყანა), სადაც მნიშვნელოვანია ქართველ სტუდენტთა რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, მინისტრის სამართლებრივი აქტით სტაჟირების ვადად დადგენილია არაუმეტეს 3 თვე და საზღვარგარეთ სტაჟირების ანაზღაურების ოდენობად იგეგმება დოლარში დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 აშშ დოლარის, ხოლო ევროში დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 ევროს ოდენობით გაცემა, შესაბამისად, სამინისტროს მიერ ასანაზღაურებელი თანხა ყოველთვიურად ჯამში იქნება აშშ დოლარში დასაფინანსებელ ქვეყნებში (12 ქვეყანა, ერთი სტაჟიორი თითოეულ ქვეყანაში) - 10 800 აშშ დოლარს (3 თვის შემთხვევაში - 32 400 აშშ დოლარს), ხოლო ევროში დასაფინანსებელ ქვეყნებში (12 ქვეყანა, ერთი სტაჟიორი თითოეულ ქვეყანაში) 10 800 ევროს (3 თვის შემთხვევაში - 32 400 ევროს). ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღემდე ანაზღაურებად სტაჟირებას პირები გადიოდნენ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში.
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სტაჟიორად მიღებულ პირებს აუნაზღაურდებათ დოლარში დასაფინანსებელ ქვეყნებში - არაუმეტეს 900 აშშ დოლარი (ხელზე გასაცემი), ხოლო ევროში დასაფინანსებელ ქვეყნებში -არაუმეტეს 900 ევრო (ხელზე გასაცემი).




























