მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზღვარგარეთის დახმარებით ვცდილობთ, ქართველი ფერმერები დავაფინანსოთ, რატომაა ეს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება და არა პატრიოტული საქმე – „ფერმერთა ასოციაცია“

ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 1000-მდე ფერმერზე გასცა გრანტი და 10 ათასამდე პირს სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწია.

კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდებიან და ამით განვითარების შესაძლებლობას სექტორში ჩართული არაერთი ადამიანი დაკარგავს.

„სოფლის მეურნეობა ნომერ პირველი დამსაქმებელია საქართველოში რაც ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ მას კიდევ უფრო მეტი განვითარება სჭირდება რათა დასავლეთის ქვეყნებს დავეწიოთ. იქ დასაქმება ასეთივე მაღალი არა, თუმცა შემოსავლები ძალიან დიდია. ამ ტრანსფორმაციის გზას როცა გადის ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რაც დასავლეთიდან მოდის ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ჩვენ 10 წელზე მეტია ვართ საქართველოში და ორ ძირითად მიმართულებას მოვიცავთ, ეს არის ფერმერების ინტერესების დაცვა. ყველა დონეზე ვაკეთებთ ამას, სახელმწიფო სტრუქტურებთან, დიალოგი დონორებთან, კერძო სექტორთან რომ მოხდეს მათი დახმარება როგორც წარმოების, ისე გასაღების ნაწილში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა თუ ცოდნის მიღებაში.

ამ ნაწილში ნომერ პირველი ვინც ფერმერებს ეხმარება ეს არის დასავლური ფონდები, რომლებსაც ჩამოჰყავთ დასავლელი ექსპერტები, მიჰყავთ ფერმერები, აფინანსებენ რომ თანამედროვე ტექნიკა და ცოდნა ჰქონდეთ. სექტორში მსუყედ არის წარმოდგენილი დასავლეთიდან დაფინანსებული გრანტები.

ჩვენ და ჩვენნაირი ორგანიზაციები, დამოკიდებულები ვართ ასეთ დაფინანსებებზე, ასოციაცია არ არის წევრებზე დაფუძნებული, მეურნეობა ძლიერი არ არის და საწევრო გადასახადს ასე ვერ იხდიან, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ის დასავლური ფინანსებით დაფინანსდეს. აღარაფერს ვამბობ იმ 50-მდე პროექტზე, რომელიც ბოლო 10 წელში განვახორციელეთ. ყველა რეგიონს ვფარავთ, 1000-მდე მცირე გრანტი გვაქვს გაცემული და 10 ათასამდე გადამზადებული ფერმერია სხვადასხვა პროგრამაში მოხვედრილი. აქ არის ბაზარზე წვდომა, ადვოკატირება და ა.შ.

ყველა დონორი ამბობს რომ გადაიხედება დაფინანსება თუ ეს კანონი ამოქმედდა. ჩვენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მოგვიწევს დარეგისტრირება, რასაც არ ვაპირებთ. ბოლო 10 წელია ვემსახურებით ქართველი ფერმერების ინტერესებს და საზღვარგარეთიდან ვცდილობთ მოვიზიდოთ სახსრები რომ ქართველები დავაფინანსოთ, ეს საერთოდ არ გვესმის რატომაა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და რატომ არ არის ყველაზე პატრიოტული საქმე? აქედან გამომდინარე ეს არის სტიგმა, იარლიყი, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული. ჩვენი ფერმერებისთვის ეს არის დამაბნეველი, შეშინდნენ, ეს ეხება თანამშრომლებსაც, თითოეულ ბენეფიციარს,“ - აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები