საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უსაზღვროდ იმატებს, - ამის შესახებ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოს „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა. საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებას, რომლის შესახებაც კანონპროექტის ავტორმა 13 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის მოსმენისას ისაუბრა. ანგარიში საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობას საზმაუსთვის წლიური ბიუჯეტის გარდა დამატებითი თანხების გამოყოფას არ უზღუდავს.
„შემოდის კანონები, რომ მაუწყებელი დაფინანსება ისეთ სისტემაზე გადავიყვანოთ, როგორც ყველაზე დაცულ ორგანოებს აქვთ - პარლამენტი, აუდიტი, სახალხო დამცველი და ა.შ. ანუ ბიუჯეტი მთავრობას კი არ დავამტკიცებინოთ, არამედ პარლამენტი დაამტკიცებს და მასაც არ ექნება ამის [ბიუჯეტის] შემცირების უფლება, ძველს დაუტოვებს... მომატების უფლება ექნება... უბრალოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უსაზღვროდ მატულობს, მაგალითად წელს 20 მლნ-ით მოიმატა, გაისად 12 მილიონით მოიმატებს... თბილისის გარდა არც ერთ ქალაქში არაა ასეთი დაფინანსება.
ამასთან, ის კანონპროექტი, რომელზეც ბატონი რომანი საუბრობს, მთავრობას თანხის გამოყოფას არ უკრძალავს, ხარჯებს ვერ გაზრდით, თორემ თუ კაპიტალური ხარჯია და თქვენ ამას ასაბუთებთ, რომ მაგალითად შენობისთვის გინდათ ის ერთჯერადად [მთავრობა] გამოყოფს ამ თანხას. უბრალოდ ბიუჯეტი ავტომატურად არ გაიზრდება და ხარჯებს ვერ გაზრდით“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძე.