მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუს ბიუჯეტმა 100 მილიონს გადააჭარბა, რა გავლენა ჰქონდა ამას არხის რეიტინგზე - IDFI

5f58a8ac2643c
BM.GE
09.09.20 14:16
1223
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ აქვეყნებს ანგარიშს. დოკუმენტი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობის პერიოდს ეხება და ის არხში რამდენიმე წლის წინ დაგეგმილი რეფორმის შედეგებს აღწერს. დოკუმენტის თანახმად, მართალია, არხზე გატარებული ცვლილებების შედეგად, მისი საერთო რეიტინგი გაზრდილია და ის 2019 წელს საშუალოდ 5.11%-ს შეადგენდა, თუმცა ეს ზრდა ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ რამდენიმე წლის წინ დაანონსა, როდესაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 2019 წელს 15% უნდა ყოფილიყო.

IDFI საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების შესახებ:

"2019 წელს 2018 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 93%-ით გაიზარდა. ტელეკომპანიის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა ტექნიკური უზრუნველყოფისათვის აღებული სესხის ჩათვლით შეადგინა 96,970,000 ლარი. 2019 წლის 27 დეკემბერს კი დამტკიცდა 2020 წლის ბიუჯეტი, რომელმაც 102 მლნ. ლარს გადააჭარბა. 2020 წლის ბიუჯეტშიც 41 მილიონ ლარზე მეტი კრედიტს უკავია, რაც ნიშნავს რომ 2019 წელს აღებული სესხიდან, ამ ეტაპზე დაახლოებით 4 მლნ ლარია ათვისებული.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერზე წინადადებების მიღება 2020 წლის სექტემბერში იწყება. ძველი შენობის აუქციონის პირობების თანახმად კი, მაუწყებელი ახალ შენობაში გადასვლას 2023 წელს გეგმავს.

- ტელეკომპანია არ ასაჯაროებს როგორც არხის წლიურ, ასევე ცალკეულ გადაცემათა რეიტინგებს.

- TVMR-ის ყოველკვირეული მონაცემებით, გამოთვლილი წლიური რეიტინგის თანახმად, მაუწყებლის ბაზრის წილმა 5.11% შეადგინა. 2017 წლის მაღლაფერიძის გეგმის მიხედვით კი, 2019 წლისთვის პირველი არხის რეიტინგი 15%-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

- 2019 წლის ყველაზე მაღალ ხარჯიანი გადაცემები „მასტერშეფი” და „საქართველოს ვარსკვლავი” იყო. ამავე გადაცემებზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაბამისად - 8.91% და 8.60%.

- მაუწყებელში კვლავაც არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც მაუწყებელში დასაქმებულთათვის არასტაბილურ გარემოს ქმნის.





საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის ფინანსური რესურსები გაორმაგდა. დაიწყო ტექნიკური საშუალებების განახლება (კამერები, ხმის აპარატურა, განათებები ა.შ), მაუწყებელმა შეისყიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. დაიგეგმა ახალი შენობის აშენება და შეისყიდა არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები. 2017-2019 წლებში, რეფორმის კაპიტალურ ნაწილზე უკვე დაიხარჯა დაახლოებით 14 მლნ. ლარამდე.

მნიშვნელოვანია რეფორმის მიმდინარეობა და გაწეული ხარჯები შეფასდეს რეფორმის შედეგებთან მიმართებაში. რეფორმის ძირითადი ამოცანა მაუწყებლის ტექნიკური განახლება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება იყო, საბოლოო მიზანი კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის გაზრდა. მაუწყებელმა რეფორმის გასაგრძელებლად 45 მლნ ლარის სესხი აიღო. თუმცა, გაურკვეველია მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს მაუწყებელი ამ თანხის გამოყენებით.

ჩვენი მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს ჰქონდა უმნიშვნელო ზრდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის არსებული ზრდა მეტწილად გამოწვეულია არხზე დაწყებული ახალი პროექტებითა და მეგაშოუებით. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს.

2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. TVMR-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო.

2020 წლის 19 აგვისტოდან გამოცხადებულია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ასარჩევად. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებს თინათინ ბერძენიშვილი, მაუწყებლის ყოფილი დირექტორის მოადგილე და ამჟამად მისი მოვალეობის შემსრულებელი," - ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები