მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არაა" - პროკურატურა $624 მლნ-ის და €35 მლნ-ის გათეთრებისთვის დაკავებულ პირზე

თაღლითობა

საქართველოს პროკურატურა არ ასახელებს 624 მლნ დოლარის და 35 მლნ ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ „საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, - განუცხადეს BMG-ის პროკურატურაში.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, აგრძელებს ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებების, დეტალებისა და დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დასადგენად.

რატომ არ სახელდება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა - BMG-მ საქართველოს პროკურატურას დამატებითი კითხვით მიმართა და პასუხის მიღებისთანავე, მასალას განვაახლებთ.

შეგახსენებთ: გუშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები