მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სქემით მოქმედებდა პირი, რომელმაც 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაათეთრა - პროკურატურის ვერსია

პროკურატურა

პირი, რომელმაც 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაათეთრა, პროკურატურის ვერსიით, მის საკუთრებაში არსებული, სებ-ის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ უკანონო ქსელი მოაწყო.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, მაგრამ უწყებას არც ამ პირის ვინაობა და არც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სახელი არ დაუსახელებია.

როგორც პროკურატურა განმარტავს, აღნიშნული უკანონო ქსელის მოწყობა ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით მოხდა. კერძოდ, მან მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.

ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.

ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ.

საქართველოში სულ 717 რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები