მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი დასაქმების სამთავრობო პროგრამაში 207 542 პირია ჩართული

დასაქმება

2023 წლის ბოლოსთვის საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში 207 542 სოციალურად დაუცველი პირი იყო ჩართული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ დეკემბრის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 72 334-ით მეტი ადამიანი იყო ჩართული.

სოციალური მომსახურების სააგენტოში BM.GE-ის განუმარტეს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირი არ გულისხმობს დასაქმებულს, რომელმაც ამ პროგრამით მუშაობა დაიწყო. ეს არიან ადამიანები, რომელთა ერთი ოჯახის წევრი მაინც დასაქმდა ამ პროგრამით. ანუ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან თუ ერთი პირი მაინც დასაქმდა ამ პროგრამით, მისი ოჯახის წევრები [იქნება ეს ოჯახი 2,3,4 თუ მეტწევრიანი] პროგრამაში ჩართულებად ითვლებიან. სწორედ ეს სტატისტიკა აქვს წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს.

აქედან გამომდინარე უფრო რელევანტური იქნება თუ პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობას შევხედავთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, პროგრამაში 45 914 ოჯახის ერთი წარმომადგენელი მაინცაა ჩართული, რის გამოც ამ ოჯახებს 4 წლის ვადით სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ბენეფიციარი ოჯახების რაოდენობა 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით გაზრდილია. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 29 711 ოჯახს შეადგენდა.

გასული წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი ოჯახი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ჩაერთო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, რეგიონების რეიტინგი პროგრამაში ჩართულ ოჯახთა მიხედვით ასეთია:

  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7 990 ოჯახი;
  • იმერეთი - 7 150 ოჯახი;
  • თბილისი - 6 412 ოჯახი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 5 341 ოჯახი;
  • კახეთი - 4 562 ოჯახი;
  • ქვემო ქართლი - 4 170 ოჯახი;
  • გურია - 2 568 ოჯახი;
  • შიდა ქართლი - 2 188 ოჯახი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 020 ოჯახი;
  • მცხეთა - მთიანეთი - 1 946 ოჯახი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1 569 ოჯახი დასაქმებული;

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტში მთავრობის მაშინდელი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. სოციალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა. სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს საარსებო შემწეობა გარანტირებულად 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაზე 2022 წელს 39.8 მლნ ლარი იყო მიმართული, 2023 წელს კი 97 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს პროგრამაზე ბიუჯეტიდან 103 მლნ ლარი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები