სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 2024 წელს 103 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ ფინანსთა სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე 97 მილიონი ლარი იხარჯება, შესაბამისად, მომდევნო წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით გაიზრდება. ანუ, საარჩევნო წელს სოციალურად დაუცველები საჯარო სამსახურის სერვისების შესრულებისთვის გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.
“2022-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ 2022 წელს ქვეპროგრამის დასაფინანსებლად მიმართულ იქნა 39.8 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 97.0 მლნ ლარი, საიდანაც 10 თვეში გაწეული ხარჯი შეადგენს 84.1 მლნ ლარს. ამასთან, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ქვეპროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული ასიგნება შეადგენს 102.7 მლნ ლარს,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და მის მიზანს ამ პირების სამუშაო ძალაში ჩართვა წარმოადგენს. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ის პირები (ოჯახთან ერთად), რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან, 4 წლის განმავლობაში არ დაკარგავენ სოციალურად დაუცველის სტატუსს. აღნიშნული პირები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ადამიანების ანაზღაურება ნამუშევარი საათების მიხედვით განისაზღვრება და თვეში 300 ლარამდეა. ზოგიერთი სამუშაო სეზონურ ხასიათს ატარებს და მთელი წელი არ გრძელდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, პროგრამაში ჩართულია 44,705 ოჯახის ერთი წარმომადგენელი მაინც, რის გამოც ამ ოჯახებს 4 წლის ვადით სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ.
თავად 103 მილიონი ლარი საკმარისია, რათა წლის განმავლობაში 29 ათასი ადამიანის დასაქმების ხელფასები (თვეში 300 ლარი) დაფაროს (სრული წლის განმავლობაში დასაქმების პირობებში).